2025 წლის მარტში, თიბისი ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს და მეტი ტრანზაქცია შეასრულეს, ვიდრე 2024 წლის მარტში, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ პუბლიკაციაში „მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა“ აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 16%-ით გაიზარდა, რაც არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული.

რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი 93 ლარია, რეზიდენტების კი თითქმის 4-ჯერ ნაკლები, 25 ლარი.

„სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 3-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს ამ თვეში.

მიმდინარე წლის მარტში, რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 38%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 30 ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო ხარჯვა თითქმის 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების მაჩვენებელს.

2025 წლის მარტში, გასულ წელთან შედარებით, მომხმარებლებმა 30%-ით მეტი დახარჯეს ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. ხაზგასასმელია არარეზიდენტების დანახარჯების საგრძნობი, 51%-იანი, ზრდა, თუმცა ჯამურ დანახარჯებზე მათი გავლენა, სექტორის მცირე წილის გამო, დაბალია.