„ადამიანმა არ იცის, რისგან გაკეთებულ საჭმელს მიირთმევს ამა თუ იმ საცხობსა თუ კვების ობიექტში. იგივე სიტუაციაა რესტორნებში, რადგან რესტორნების 90% არარეგისტრირებული საწარმოებიდან, ბაზრებიდან ყიდულობენ გაურკვეველი მიკვლევადობის პროდუქციას. ვერ მიაკვლევთ, ვერ გაიგებთ, რისგან შედგება. კარგა ხანი ამის მიზეზი დაუსჯელობის სინდრომიც იყო“, - აცხადებს საქართველოს მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას.
ნიკოლოზ ბენიაიძის განმარტებით, მომხმარებელს აქვს სრული უფლება, იცოდეს, რას მიირთმევს, რისგან შედგება ესა თუ ის პროდუქტი. შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია, იმავე რესტორანსა თუ საცხობში მოითხოვოს, აქვს თუ არა ეტიკეტი ყველს.
„მომხმარებელს მინდა, მივმართო, რომ ინფორმაციის მიღების სრული უფლება აქვთ, თუმცა, იმასაც ვეტყვი, რომ შემთხვევათა 90%-ში ისინი ეტიკეტს ვერ მიიღებენ, თუ უნდათ, ჩაატარონ ცდა და თავადვე დარწმუნდებიან. იშვიათ რესტორნებში წააწყდებით ეტიკეტს, რადგან ნამდვილი ყველი ძალიან ცოტაა“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.
მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ყველისა და ხაჭოს იმპორტი 27%-ით არის გაზრდილი და წლის ბოლომდე უკვე 100 მილიონს მიაღწევს.
„ცუდი ის არის, რომ კლებადია ადგილობრივ ბაზარზე როგორც რძე, აგრეთვე, პირუტყვი. საქართველოში ნედლი რძის 65%-იანი დეფიციტი გვაქვს, რასაც შემოსული მზა პროდუქტები და ფხვნილი ანაცვლებს. როგორ წარმოგიდგენიათ, არაჟანი შემოვიდა სხვა ქვეყნიდან და ის ჯანსაღი იქნება? ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქტების გარეშე ჯანსაღი კვება არ არსებობს. მზა პროდუქტი, რომელიც შემოდის და ეს მომხმარებელმა უნდა იცოდეს, კონსერვანტებით არის გაჯერებული“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.