,,რუსეთს არ აქვს მშვიდობის რეალური სურვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამ ომს არ დაიწყებდნენ",- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინული მხარე ამერიკის სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შემოთავაზებულ წინადადებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
ზელენსკის განცხადებით, ამერიკას აქვს შესაძლებლობა, რომ რუსეთის მხრიდან ომის დასრულების განცხადება ქმედითი და რეალური იყოს.
,,დღეს შეხვედრა მქონდა აშშ-ის წარმომადგენლებთან. ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა თავისი წინადადებები, ომის დასრულების გეგმის პუნქტები - მათი ხედვა. ჩვენ შევთანხმდით, რომ გუნდები ამ წინადადებებზე იმუშავებენ. ჩვენ არ გავაკეთებთ მკაცრ განცხადებებს და ერთგულნი ვართ ნათელი, პატიოსანი მუშაობის: უკრაინას, აშშ-სა და ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ევროპასა და მსოფლიოში.
დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ სტუბს. მუდმივ კონტაქტში ვარ სხვა ლიდერებთან, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტთან. ველი, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ტრამპსაც დაველაპარაკები.
ჩვენ ასევე გვესმის, რომ რუსეთს არ აქვს მშვიდობის რეალური სურვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამ ომს არ დაიწყებდნენ. ბევრი შეფასება არსებობს - საკმაოდ სამართლიანი - რომ რუსეთი მთელი ეს წელი მხოლოდ ერთ რამეს ცდილობდა, კერძოდ: სანქციების გადავადებას და ომისთვის მეტი დროის მოგებას.
მერიკას შეუძლია უზრუნველყოს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ომის დასრულების შესახებ საბოლოოდ სერიოზული გახდეს. ამისთვის გავაგრძელებ 100%-ით მუშაობას - მთელი ჩემი დრო ამჟამად ამას ეძღვნება. უკრაინას სჭირდება მშვიდობა და უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიოში არავინ თქვას, რომ დიპლომატიას ჩვენ ვარღვევთ. ეს მნიშვნელოვანია,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.