საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელ ანნ მონტავონს შეხვდა.

ანნ მონტავონმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სახელით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მნიშვნელოვანი როლი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის მიმართულებით.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია დაესწრო.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს