„წყლის ჭავლში საერთოდ არ შეიძლება არანაირი გაზის გარევა. ნებისმიერი გამხსნელი ნეიროტოქსიურია. არ აქვს მნიშვნელობა, რა უნდა გაიხსნას… ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. როცა იყენებ გამხსნელს და ამას ამატებ წყლის ჭავლს, ეს უკვე ძალიან საშიში პრეცედენტია,“ – ამბობს ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. მას ვესაუბრეთ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებზეც არის საუბარი BBC-ის საგამოძიებო ფილმში – „როდესაც წყალი გწვავს“.

BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს „ოცნების“ მთავრობამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ, შესაძლოა, გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი – ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კამიტი [camite].

კონკრეტულად რას იწვევს ბრომობენზილის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა? – „ბათუმელებმა“ ექიმ-ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერია.

  • ბატონო ზურაბ, რას იწვევს ადამიანის ორგანიზმში იმ ქიმიური ნივთიერებების მოხვედრა, რაზეც არის საუბარი BBC-ის საგამოძიებო ფილმში, მათ შორის, „კამიტი“?

BBC-ის საგამოძიებო ფილმში რამდენიმე ნივთიერებაზეა საუბარი. მხოლოდ „კამიტზე“ ლაპარაკი არ იქნება სწორი. აქ არის ლაპარაკი ტრიქლორეთილენზე (TCE). ეს წარმოადგენს ერთ-ერთ ძალიან ძლიერ ტოქსიკურ ნივთიერებას. შესაბამისად, ჩვენ უნდა განვიხილოთ ამ ორი ნივთიერების კომბინაცია და მათი გამოყენება წყლის ჭავლში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ ყველაფერს.

მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ამ ნივთიერებების აღმოჩენა ერთი წლის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ოფიციალური ცნობები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რა ნივთიერებები იყო გამოყენებული.

  •  ეს ქიმიური ნივთიერებები როცა ხვდება ადამიანის ორგანიზმში, არ ტოვებს კვალს? შეუძლებელია მისი მიგნება?

„კამიტი“ არის ხანმოკლე მოქმედების, თუმცა მისი წყლის ჭავლში შერევა უკვე საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის. ბრომბენზილციანიდი არის უჯრედოვანი კომპონენტის ამშლელი ტოქსიკური ნივთიერება – უჯრედის დონეზე მოქმედებს და ბლოკავს სუნთქვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იწვევს ჰიპოქსიურ სტრესს, იგი კანიდან, თვალიდან და ზედა სასუნთქი გზებიდან სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში. ძლიერი წყლის ჭავლის და დიდი ექსპოზიციის შემთხვევაში კი ის უფრო ადვილად აღწევს ორგანიზმში. ამ დროს მისი ტოქსიკურობა ბევრად უფრო გამოხატულია.

თუმცა ეს არ არის კლასიკური ციანიდი. ეს არის ცრემლსადენი გაზი და ციანიდს ბევრად ჩამოუვარდება ტოქსიკურობით.

რაც შეეხება ტრიქლორეთილენს, იგი ძლიერი ნეიროტოქსინია, რომელიც კანიდან და ინჰალაციიდან ძალიან სწრაფად აბსორბირდება, გრძელვადიანად აზიანებს ორგანიზმს. ეს გამხსნელი ღვიძლის და თირკმლების ძლიერ დაზიანებას იწვევს.

ამ კოდების ქვეშ, რაც დასახელდა BBC-ის ფილმში, შესაძლებელია იყოს ბევრი სხვა ნივთიერება, მაგალითად, ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ვენახის მოსაწამლად.

თუ გამოყენებული იყო ტრიქლორეთილენი, მისი აღმოჩენა შესაძლებელია ერთი წლის შემდეგაც, მაგალითად, ნიადაგის სიღრმეში, წყლებში. ამისთვის საჭიროა ძალიან სკრუპულოზური ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ანალიზი.

რაც შეეხება კვალს ადამიანზე – ეს არის ძალიან ღრმა ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ანალიზის კვლევა. აქ უნდა ვისაუბროთ ამ ნივთიერებების წყლის ჭავლში გარევასთან და რა კომბინაციებს ვიღებთ ამ შემთხვევაში. ის ბევრად უფრო ტოქსიკურ ზიანს აყენებს ადამიანს, ვიდრე წყალთან კომბინაციის გარეშე, რადგან წყლის მაღალი წნევა მნიშვნელოვნად აძლიერებს ტოქსიკურობის ეფექტს – ტოქსინი შედის ღრმა ფენებში, თვალებში, ლორწოვან გარსებში. ამას შეუძლია მასობრივი ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ეს იყო კიდეც იმ პერიოდში და ამის მომსწრე ყველანი ვართ.

ადამიანებს უჭირდათ სუნთქვა რამდენიმე დღის მანძილზე, ჰქონდათ გულისრევის შეგრძნება, პანიკური შეტევები, სუნთქვის გაძნელება.

„კამიტის“ აღმოჩენა ორგანიზმში, ფაქტობრივად, ორი-სამი დღის მერე შეუძლებელია. ტრიქლორეთილენის აღმოჩენა უფრო შესაძლებელია, ვიდრე „კამიტის“.

მაღალი ტოქსიკური ქიმიური ზემოქმედება შეიძლება გამოეწვია ამ ნივთიერებებს კომბინაციაში. ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე და ხანგრძლივი ეფექტების, ასევე, გარკვეული სომატური ცვლილებების და გართულებების ჩამოყალიბება, რომელიც შეიძლება დღეს არ ჩანდეს, მაგრამ ბევრი წლის მერე გამოჩნდეს უკვე ქრონიკულ დაავადებებში.

წყლის ჭავლში საერთოდ არ შეიძლება არანაირი გაზის გარევა. ეს წარმოუდგენელია.

„ოცნებამ“ დაადასტურა, რომ გამხსნელს ხმარობდნენ. რისთვის ხმარობდნენ გამხსნელს? გამხსნელს ხმარობდნენ იმისთვის, რომ რაღაცა გაეხსნათ, ხომ?!

  • ეს რას ადასტურებს თქვენთვის?

თვითონ გამხსნელის მოხმარება უკვე პრობლემას წარმოადგენს – ნებისმიერი გამხსნელი ნეიროტოქსიკურია. არ აქვს მნიშვნელობა, რა უნდა გაიხსნას. ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

როცა იყენებ გამხსნელს და ამას ამატებ წყლის ჭავლს, ეს უკვე ძალიან საშიში პრეცედენტია.

„ფედერალისტები“ ვაგროვებთ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც იყვნენ დემონსტრაციებზე და ძალიან მძიმე ისტორიებს ვისმენთ. ვინც ჩვენ გვწერს, ადასტურებს იმას, რომ გრძელვადიან პერიოდში მათ კვლავ აქვთ გარკვეული სიმპტომები, რაც ბევრად უფრო საშიშია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო ქიმიური იარაღი.

დაშვებული კონვენციით, ეს უნდა იყოს მხოლოდ ხანმოკლე მოქმედების და არ უნდა იწვევდეს არცერთ შემთხვევაში გრძელვადიან ეფექტს. ახლა კი ვსაუბრობთ ეფექტზე ერთი წლის შემდეგ – ადამიანებს აქვთ თავის ტკივილი, პანიკური შეტევები, სუნთქვის გაძნელება.

საშუალო ვადაში, ანუ კვირების განმავლობაში გამოხატული სიმპტომებია: ტოქსიკური ბრონქიტები, ფილტვების ანთება, ლორწოვანი გარსების გამოშრობა და ეროზია…

გვწერენ, რომ უმიზეზოდ აქვთ ცხვირიდან სისხლდენა, ასევე, ნერვული სისტემის გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევები, ხოლო გრძელვადიან შედეგებში – ანუ თვეების, წლების გავლის შემდეგ, ეს შეიძლება იყოს უკვე გამოხატული ფსიქიკური მომენტები, ანუ PTSD [პოსტტრავმული სტრესული აშლილობა], პანიკური შეტევები, შფოთვითი აშლილობები, ხანგრძლივი უძილობა, კოგნიტიური დეფიციტი.

ნევროლოგიურადაც შესაძლებელია გარკვეული ცვლილებების აღმოჩენა.

ტრიქლორეთილენის შემთხვევაში შეიძლება მყარად ასოცირებული იყოს დემიელინიზაცია ტრიქლორეთილენის გამოყენებასთან: ნეიროპათიები, დაბუჟება, ჩხვლეტები, ქრონიკული თავბრუხვევები, დაღლილობა და ასე შემდეგ.

  • შესაძლოა, ეს სიმპტომები გადაიზარდოს კიდევ უფრო რთულ და ქრონიკულ დაავადებებში?

ტრიქლორეთილენის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თირკმლის და ღვიძლის დაზიანება – შესაძლებელია მოხდეს მისი, ასე ვთქვათ, დაზიანება და ფილტვის ფუნქციების შემცირება, ანუ ობსტრუქციული პროცესების განვითარება.

ვისაც აქვს გარკვეული სიმპტომები, პერიოდულად პროფილაქტიკური კვლევები უნდა ჩაიტაროს ყველამ, ვინც მიიჩნევს, რომ დიდი ექსპოზიცია მიიღო ორგანიზმზე.

ოჯახის ექიმის დონეზე ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შემოწმდეს იმისათვის, რომ შევძლოთ სურათი გამოვკვეთოთ და პრევენცია მოვახდინოთ, რომ არ ჩამოყალიბდეს ქრონიკული დაავადება. ეს არის ჩემი ყველაზე მთავარი რჩევა.

  • ამ პროცესში რას უნდა მიაქციონ ყურადღება ადამიანებმა, რომ არ გაქრეს მტკიცებულებები? 

მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანის სპეციფიკური გამოკითხვა და კვლევების ჩატარება. ჩემთვის BBC საკმაოდ კომპეტენტურია და არა მგონია, არ ჰქონოდათ საკმარისი მტკიცებულებები. თანაც, კომპეტენტური ადამიანები, ტოქსიკოლოგები საუბრობენ ამ ფილმში.

ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობა, რომელიც რუსთაველზე ცხოვრობს. ჩვენ ვისმენთ არაერთ ისტორიას, რომ დაეწყოთ თავის ტკივილი და ასე შემდეგ. ზოგიერთმა შეიცვალა კიდეც საცხოვრებელი ადგილი, იმდენად გაუსაძლისი გახდა მათთვის ცხოვრება… ჩემი ახლობელიც, რომელიც პარლამენტთან ახლოს ცხოვრობს, გადავიდა საბურთალოზე.

მე ვარ მომსწრე 9 აპრილის. თუ გახსოვთ, იქ წლისთავზე აიღეს ყვავილები – ყვავილებში იყო მომწამლავი ნივთიერების გარკვეული რაოდენობა დარჩენილი. „9 აპრილს მოწამლულები“ – ასეთი ტერმინიც კი არსებობს. იმ წლებში ბოლომდე ვერ დადგინდა, რა გამოიყენეს. მახსოვს, მაშინ სერიოზული კვლევები ჩატარდა და საბოლოოდ დაიდო დასკვნა, რომ ძალიან მძიმე გაზები იყო გამოყენებული.

batumelebi.netgazeti.ge