შიშინი, შემდეგ - გამაყრუებელი აფეთქების ხმა. არაფერი ისე არ ასოცირდება ახალი წლის დადგომასთან, როგორც ფოიერვერკი. მაგრამ ყველა შუშხუნა უსაფრთხო არ არის. უმძიმესი შედეგების მომტანი უბედური შემთხვევები ყოველწლიურად ხდება - განსაკუთრებით საზღვარგარეთიდან შემოტანილი პიროტექნიკის გამოყენების დროს.

აანთეთ ფითილი, თავი სადმე შეაფარეთ და ყურებზე ხელები აიფარეთ - ბავარიის კრიმინალური გამოძიების სახელმწიფო სამსახურის პოლიციელები ჟურნალისტთა ჯგუფს საზღვარგარეთიდან უკანონოდ შემოტანილი ფოიერვერკებიდან მომდინარე საფრთხეებს უჩვენებენ. აფეთქების ძალა უზარმაზარია. F4 კატეგორიის ანთებული შუშხუნა, სახელად „ჩიპოლა“ (იტალიურად „ხახვს“ ნიშნავს) სკამზეა მიმაგრებული. აფეთქების შემდეგ, მისგან მხოლოდ ნაგვის უზარმაზარი გროვა რჩება. გერმანიაში F3 და F4 კლასის ფოიერვერკების შეძენა მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე პროფესიონალ პიროტექნიკოსებს შეუძლიათ.

შუშხუნების უზარმაზარი ფეთქებადი ძალა - და თითქმის არანაირი კონტროლი

ბავარიის კრიმინალური პოლიციის პრეს-სპიკერი, ფაბიან პუხელტი ამბობს, რომ უზარმაზარი ფეთქებადი ძალის გარდა, დეტონატორში გამოყენებული მასალებიც დიდი საფრთხის შემცველია: „პრობლემა ის არის, რომ ადამიანები ვერ აცნობიერებენ, ხელში რა უჭირავთ. ისინი სათანადოდ არ აფასებენ მათ მიერ შეძენილი იმ უკანონო მასალიდან მომდინარე საფრთხეს, რომელიც არანაირ სერტიფიცირებას არ ექვემდებარება. ამას შეიძლება „რუსული რულეტკა“ ვუწოდოთ, რადგან არასდროს იცი, ბოლოს რა მოხდება“.

F3 და F4 კატეგორიების შუშხუნები, როგორც წესი, ეგრეთ წოდებული მანათობელ-ხმოვანი კომპლექტებით არის აღჭურვილი. ეს ძლიერფეთქებადი ქიმიური ნარევი, ფითილებთან ერთად, რომლებიც ხშირად სანდო არ არის, ქმნის იმის საშიშროებას, რომ შუშხუნა ანთებისთანავე აფეთქდეს. ამიტომ, ბავარიის კრიმინალური პოლიციის ოფიცრები, თითოეული სადემონსტრაციო ცდის დროს, ფითილებს აგრძელებენ და დენთს პროპელანტის ფხვნილს ურევენ, რათა, თავშესაფართან მისასვლელად საკმარისი დრო ჰქონდეთ.

იმპორტი ჩეხეთის საზღვრის გავლით

ვაიდჰაუსის ფედერალური პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს, ჩეხეთის საზღვარზე, ზემო პფალცში, 1,2 ტონა ისეთი აკრძალული პიროტექნიკა ამოიღეს, რომლის შემოტანა სპეციალურ ნებართვას საჭიროებს. წელს, დეკემბრისთვის, პიკური სეზონის დაწყებამდე, უკვე ამოღებულია 800 კილოგრამი. შესაბამისად, ფედერალური პოლიცია შარშანდელთან მიახლოებულ რაოდენობას ვარაუდობს. პოლიციის მთავარი ინსპექტორისა და ვაიდჰაუსის ფედერალური პოლიციის პრეს-სპიკერის, ტობიას პფაიფერის თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკის ბაზრებსა და მოძრავ სავაჭრო ჯიხურებში 1 დეკემბრიდან გაყიდვების აკრძალვის შემოღების ეფექტი ჯერ არ შეიმჩნევა, თუმცა, შესაძლოა, შედეგი უფრო ხანგრძლივ პერიოდში გამოჩნდეს.

მესაზღვრეები, სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, ყოველდღიურად ატარებენ შერჩევით შემოწმებებს და უკანონო პიროტექნიკას არა მხოლოდ მთავარ სატრანსპორტო მარშრუტებზე, როგორიცაა, მაგალითად, A6 ავტომაგისტრალი, არამედ უფრო მცირე სასაზღვრო პუნქტებზეც ეძებენ. თუმცა, ჩვეულებრივი F2 კლასის შუშხუნებიც, რომლებიც გერმანიაში თავისუფალ გაყიდვაშია, შეიძლება საშიში იყოს. ლეგალური F-2 კლასის შუშხუნით ჩატარებული ტესტის შემდეგ, კომბოსტოს თავს დიდი ხვრელი გაუჩნდა. სხვა ვითარებაში, ამას შეიძლება ხელის ან მკლავის ამპუტაცია, ასევე სახის დამწვრობა და მხედველობის დაკარგვა გამოეწვია.

ოფთალმოლოგები კერძო ფოიერვერკების აკრძალვას ითხოვენ

აფეთქების უზარმაზარი ძალა და გაურკვევლობა, რომელიც შეიძლება შუშხუნის აფეთქებას მოჰყვეს, ასევე აშფოთებთ ექიმებს, რადგან ეს უსიამოვნო შემთხვევები მძიმე ტვირთად საავადმყოფოებს აწვებათ. გერმანიის ოფთალმოლოგიის საზოგადოების (DOG) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თვალის კლინიკებმა, რომლებიც სასწრაფო მომსახურებას ეწევიან, 2024/2025 წლის მიჯნაზე აღრიცხეს 905 პირი, რომლებმაც დაზიანებები პიროტექნიკის გამოყენების დროს მიიღეს. ეს რაოდენობა, მონაცემთა შეგროვების დაწყების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ერთი განსაკუთრებით ტრაგიკული შემთხვევისას, პაციენტი თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა.

ამიტომ, გერმანიის ოფთალმოლოგიის საზოგადოება კერძო ფოიერვერკების აკრძალვას ითხოვს. „ბავარიის რადიოსთვის“ (BR) მიცემულ ინტერვიუში, ამელი გაბელ-პფისტერერი, რომელიც DOG-ის სახელით საუბრობს, მოსახლეობას ფოიერვერკების შესაძლო შედეგების შესახებ აფრთხილებს და ამბობს: „მათ გრძელვადიანი მძიმე შედეგები მოაქვთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მანამდე სრულიად ჯანმრთელები იყვნენ. ჩვენ იმაზეც ვწუხვართ, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ბავშვი ზიანდება“.

ბევრი დაშავებული ბავშვი - მძიმე შედეგები ადამიანს, შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვეს

„გარდა ამისა, კვლევის თანახმად, შემთხვევების 60 პროცენტის დროს ის გამვლელები და დამკვირვებლები დაზარალდნენ, რომლებსაც ფოიერვერკი თავად არ გაუშვიათ“, -განაგრძობს პოტსდამის ერნსტ ფონ ბერგმანის საავადმყოფოს უფროსი ოფთალმოლოგი. ის და მისი კოლეგები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან დაშავებულებს შორის ბავშვების მაღალი პროცენტული მაჩვენებლით: „ბევრი მათგანი თორმეტ წლამდე ასაკისაა და სერიოზული დაზიანებების ფუნქციურ და კოსმეტიკურ შედეგებთან გამკლავება მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მოუწევთ“.

დაზიანებები მხოლოდ გერმანიაში უკანონოდ შემოტანილი საახალწლო შუშხუნების მოხმარებით გამოწვეული შედეგი არ არის - ტრავმების გამოწვევის „პოტენციალი“ თავისუფალ გაყიდვაში არსებულ შუშხუნებსაც გააჩნიათ.

წყარო: 1 არხი