"კორპორაციული სამართალი, რა თქმა უნდა, იცავს მინორიტარი პარტნიორის ინტერესებს, თუმცა ეს დაცვა არ არის აბსოლუტური და არ გულისხმობს მმართველობითი პროცესების პარალიზებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მინორიტარი პარტნიორის ქმედებები სისტემურად აფერხებს აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებას ისეთ პირობებში, როცა არსებობს ვადების დარღვევის რისკი, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც უფლებების განხორციელების ფარგლების გადაჭარბება", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გიორგი ცუცქირიძემ, რადიო კომესანტის ეთერში, "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე ბიზნეს-დავის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ თემა ეხება დავას, რომელსაც აკადემიის ყოფილი დირექტორი, და 30%-იანი წილის მფლობელი ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე დავით ცეცხლაძე „საქართველოს განათლების ჯგუფის, ამავე აკადემიის 70%-იანი აქციონერის წინააღმდეგ აწარმოებს.
მან ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა იმაზე, თუ რეალურად რამდენად იდგა აკადემიის ლიკვიდაციის საკითხი, რაზეც დაჟინებით აპელირებდა, საკუთარ განცხადებებში, მინორიტარი აქციონერი ნათია ჯანაშია. და თუ მართლაც იდგა ეს საფრთხე, ვის ინტერესში შეიძლებოდა რომ ყოფილიყო აკადემიის ფუნქციობის შეჩერება.
ანალიტიკოსის მოსაზრებით, ბოლო პერიოდში აკადემიის ხელახალი რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით წარმოშობილმა არსებითი ხასიათის პროცედურულმა და სამართლებრივმა დაბრკოლებებმა, მართლაც შექმნეს რეგისტრაციის დროული და შეუფერხებელი დასრულების რეალური რისკი.
"ეს დაბრკოლებები, მათ შორის, უკავშირდებოდა მინორიტარი მესაკუთრის მიერ რეგისტრაციის პროცესის დროებით შეჩერებას და დამატებით სამართლებრივ გაურკვევლობას პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით.
ამ გარემოებებში, რეგისტრაციის პროცესის დროულად არდასრულების შემთხვევაში, არსებობდა მაღალი ალბათობა იმისა, რომ აკადემიის სამართლებრივი სტატუსი დარჩებოდა დაურეგულირებელი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდიდა მისი ფუნქციობის შეჩერების ან სერიოზული შეფერხების რისკს.
შესაბამისად, არსებული ვითარება ობიექტურად ქმნიდა იმ სცენარის განვითარების შესაძლებლობას, რომლის შედეგადაც აკადემიის საქმიანობის უწყვეტობა შეიძლებოდა არსებითად დარღვეულიყო, მათ შორის სამართლებრივი და ადმინისტრაციული საფუძვლების არარსებობის გამო.
ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედი მენეჯმენტისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების აღდგენის შესახებ, რამაც უზრუნველყო საჯარო რეესტრში მენეჯმენტის უფლებამოსილების აღდგენა და შეამცირა კომპანიის ფუნქციობის შეჩერებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ოპერაციული რისკები.
ფაქტია, რომ მოქმედმა მენეჯმენტმა უმოკლეს ვადაში შეძლო საწარმოო პროცესის ისე მართვა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაობის უწყვეტობას საფრთხე არ შექმნოდა. ეს თავისთავად მიუთითებს, რომ მაჟორიტარი პარტნიორის, „საქართველოს განათლების ჯგუფის“, ინტერესებში არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო აკადემიის ლიკვიდაცია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ლიკვიდაციის საფრთხე რეალურად არსებობდა. აქედან გამომდინარე, იკვეთება კითხვა - რამ განაპირობა ამ რისკის წარმოშობა.
მიუხედავად იმისა, რომ ნათია ჯანაშიას სურვილი, "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" ლიკვიდაცია მოახდინოს, ალოგიკურია, არსებული ფაქტობრივი გარემოებები მიანიშნებს, რომ აღნიშნული საფრთხე, სწორედ ნათია ჯანაშიას მხარის მოქმედებებს უკავშირდება", - ხაზი გაუსვა გიორგი ცუცქირიძემ.