„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს“ – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოდან გაძევებულ პირთა ჯამურმა მაჩვენებელმა 1200 პირი შეადგინა.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,  ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: რუსეთის, ინდოეთის, ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ეთიოპიის, იორდანიის და ტაჯიკეთის - ჯამში 43 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების გზით“ - ნათქვამია ინფორმაციაში.