2025 წელს, კონკურსში „აგროლიგა“ მონაწილეობა 332-მა კონკურსანტმა მიიღო.
„გამოვლინდა 18 გამარჯვებული, რომელსაც სერტიფიკატები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
კონკური „აგროლიგა“ მიზნად ისახავს აგრარულ სექტორში პროფესიული ცოდნის გავრცელებას, აგრარული და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო სფეროების განვითარების ხელშეწყობას და აღნიშნული მიმართულებებით წარმატებული სტუდენტების წარმოჩენას.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. როგორც მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, კონკურსი ხელს უწყობს აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებების პროფესიების პოპულარიზაციას.
„კონკურსი „აგროლიგა“ ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგი პლატფორმაა, მოტივაციაა, დაეუფლონ აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებების დეფიციტურ პროფესიებს. გარდა ამისა, კონკურსი შესაბამისი დარგების პოპულარიზაციასაც ახდენს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
მიმდინარე წელს კონკურსი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა მევენახეობის, მცენარეთა დაცვის, მეფუტკრეობის, სატყეო საქმის, მეხილეობის, ეკოლოგიის და ბიომრავალფეროვნების მიმართულებებს.
კონკურსს „აგროლიგა - 2025“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, ახორციელებს. კონკურსი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - "საქართველოში სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სისტემის მოდერნიზაცია“ ფარგლებში ტარდება.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს