სტაციონარული კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის 15 ივნისამდე გადავადდა. შესაბამისი ბრძანება ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს გამოსცა.
როგორც ბრძანებაშია მითითებული, თუ სტაციონარულ პირობებში განსახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ვერ მოახერხებს ვადაში აკრედიტაციის მოპოვებას და შესაბამისი სერტიფიკატის წარდგენას, უფლებამოსილია 15 ივნისამდე მიმართოს სამინისტროს და წარუდგინოს საერთაშორისო აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ასახავს/ადასტურებს სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესს.
„ამ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია, საგამონაკლისო წესით, სტაციონარულ პირობებში განსახორციელებელ მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას მისცეს დამატებითი გონივრული ვადა (არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა) საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოსაპოვებლად“, - ნათქვამია ბრძანებაში.
ცნობისთვის, აქამდე სტაციონარულ კლინიკებს აკრედიტაციის წარდგენის ვადა 1 მაისამდე ჰქონდათ.