UFC-ის ორგზის ჩემპიონი, ილია თოფურია, ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი და მისი პარტნიორის, ბიზნესმენ ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ, წყვილმა კიდევ ერთი რადიკალური ნაბიჯი გადადგა - "ისინი საერთო საცხოვრებელს, ბოადილია-დელ-მონტეში მდებარე ულტრათანამედროვე სასახლეს ყიდიან", - წერს ესპანური მედია.
სასახლე, რომელიც მადრიდის პრესტიჟულ უბანში, Las Lomas-ში მდებარეობს, 3 მილიონ ევროდ იყიდება. ეს ის ადგილია, სადაც თოფურია თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლებისთვის ემზადებოდა.
რას მალავს 1000 კვადრატული მეტრის ფართობის ვილა?
- სპორტული დარბაზი: ილიას მოთხოვნით აშენებული პროფესიონალური დონის სავარჯიშო სივრცე.
- დასვენება: პირადი კინოთეატრი, სპა, საუნა, აუზი, ჯაკუზით.
- სივრცე: 2 560 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, 7 საძინებელი და 9 სველი წერტილი.
- ელიტარული მეზობლობა: ილიას მეზობლები "რეალ მადრიდის" ვარსკვლავები - ტიბო კურტუა და დანი კარვახალი არიან.

მიუხედავად იმისა, რომ თანხა ასტრონომიულად ჩანს, უძრავი ქონების ექსპერტების თქმით, ეს ფასი რეალურია. Las Lomas-ის რაიონი თავისი უსაფრთხოებითა და კონფიდენციალურობით გამოირჩევა, რაც მსოფლიო დონის ვარსკვლავებისთვის პრიორიტეტულია.
