მას შემდეგ, რაც ქართველმა მორაგბეებმა სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტები გამოაქვეყნეს რუსული კანონისა და საპროტესტო აქციის დარბევის შესახებ, განცხადება გაავრცელა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ.

ტყემალაძის განცხადების მიხედვით, გამოხატული ღია პოზიცია ზეწოლის შედეგია.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადე არ დამეფიქსირებინა რაიმე პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, დავდექით იმ სამწუხარო ფაქტის წინაშე, რომ მიმდინარეობს ჩვენს მორაგბეებზე და განსაკუთრებით ეროვნული ნაკრების მოთამაშეებზე, ისევე როგორც სხვა სპორტებზე, სერიოზული ზეწოლა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტონ ეს ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება აკეთონ თავიანთი საქმე. იგივეს მოვუწოდებ მორაგბეებსაც, რომ აკეთონ თავიანთი პროფესიული და საყვარელი საქმე, თავისი შრომით და თავდადებით დადონ თითო აგური ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გვასახელონ სხვადასხვა ჩემპიონატებზე თუ ტურნირებზე, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში აგვეწიოს საქართველოს დროშა ამაყად.

ნუ დავივიწყებთ იმ პასუხისმგებლობას და მნიშვნელობას, რაც ეროვნული ნაკრების კვართის ტარებაა. მით უმეტეს ბიჭებს წინ მნიშვნელოვანი თამაში ელით 3 მაისს "ლესტერ თაიგერსთან", რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია იმისაკენ, რომ ზუსტად იმ დიდი ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ როგორიც არის „ექვსი ერი“-ს ტურნირი, ევროპის პროფესიონალური სარაგბო კლუბების ჩემპიონატი და ა.შ." - წერს იოსებ ტყემალაძემ.