,,იდააფ არქიტექტორების” დამფუძნებელ ნანა ზაალიშვილი ,,კომერსანტთან” აცხადებს, რომ დედაქალაქში მიმდინარე ქაოსური მშენებლობები ქალაქის ურბანულ განვითარებას საფრთხეს უქმნის. არქიტექტორს თბილისის ურბანული განვითარების პრობლემებსა და გამოწვევებზე ვესაუბრეთ. ნანა ზაალიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის ურბანული განვითარება მავნე ეკონომიკური ინტერესებით არის განპირობებული და ის ადამიანზე ორიენტირებული არ არის.

,,დღეს არსებული განაშენიანება თბილისის ურბანულ სურათს დიდ საფრთხეს უქმნის. არსებობს გენერალური გეგმა, თუმცა არ არსებობს მისი აღსრულების ნება, რაც ქალაქის ბუნებრივ გარემოს, რელიეფს, კულტურულ მემკვიდრეობას ან მოქალაქეების საჭიროებებს გაითვალისწინებს. განაშენიანება ხდება ქაოსურად. ხშირად მავნე ეკონომიკური ინტერესებით არის ნაკარნახევი, რაც ქალაქის სტრუქტურაც იშლება და ცხოვრების ხარისხსაც მნიშვნელოვნად აუარესებს. პრობლემა მხოლოდ არქიტექტურულ ან ვიზუალურ დონეზე არაა, ზიანდება ქალაქის გეოლოგია, ქრება საზოგადოებრივი ადგილები, იზრდება ტრაფიკი, აქტიურად შენდება ახალი უბნები, რომლებიც მოკლებულია სოციალურ ინფრასტრუქტურას ან ქალაქთან ლოგიკურ ბმას. ურბანული განვითარება არ არის ადამიანზე ორიენტირებული. ჩვენ გვაკლია ეთიკა და პასუხისმგებლობა სივრცის მიმართ.’’- აცხადებს ნანა ზაალიშვილი.

,,იდააფ არქიტექტორების” დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საჭიროა სიღრმისეული რეფორმა და მასში არქიტექტორების აქტიური მონაწილეობა. ნანა ზაალიშვილი ამბობს, რომ დღეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში წამყვანი დეველოპერები არიან, რაც აზიანებს არქიტექტურის ხარისხის და ქალაქის განვითარებას საფრთხეს უქმნის.  

,,თბილისს სჭირდება სიღრმისეული რეფორმა არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ არქიტექტურული ღირებულებების დონეზე — ისეთი მიდგომა, რომელიც ადგილობრიობას, კონტექსტს და კოლექტიურ სარგებელს წინ წამოსწევს და არ იქნება მხოლოდ მყისიერ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული. ამასთან, აუცილებელია არქიტექტორების ინსტიტუციები, რომლებიც ქალაქის განვითარებაში ჩართული იქნებიან, გაცილებით უნდა გაძლიერდეს და სისტემატიზირდეს მათი როლი. დღეს, სამწუხაროდ, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დეველოპერებს აქვთ უპირატესობა, რაც არქიტექტურის ხარისხის და ქალაქის განვითარებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. აუცილებელია სისტემა ისე გადაეწყოს, რომ არქიტექტორებს ჰქონდეთ ძლიერი გავლენა ქალაქის პოლიტიკაში და განაშენიანების სტრატეგიებში.’’- აცხადებს ნანა ზაალიშვილი.

არქიტექტორი ამბობს, რომ თბილისის ურბანული განვითარება უკონტროლოა, მშენებლობის თანამედროვე მეთოდები კი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას დიდი ზიანს აყენებს. ნანა ზაალიშვილი მიიჩნევს, რომ მშენებლობის პროცესში საჭიროა გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგი.

,,მშენებლობის პროცესში ქალაქს მრავალმხრივი ზიანი ადგება, რაც უმთავრესად უკონტროლო ურბანული განვითარების პრაქტიკებს უკავშირდება. თანამედროვე მშენებლობის მეთოდები ხშირ შემთხვევაში დაუგეგმავი და უკონტროლოა, რაც იწვევს ბუნებრივი ლანდშაფტების განადგურებას (მაგ: კლდეების ჭრა) და ქალაქის არქიტექტურული იდენტობის დეგრადაციას —ერთგვაროვან, მონოტონურ და ხშირად უსულო სივრცეებს, სადაც ადამიანის კულტურულ-ესთეტიკური გამოცდილება იკარგება. სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების არასაკმარისი მონიტორინგი. სამშენებლო საქმიანობას თან ახლავს მტვრის, მძიმე ნაწილაკებისა და ტოქსიკური ნივთიერებების გაფრქვევა, რაც მნიშვნელოვანწილად მოქმედებს ჰაერის ხარისხზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი ზრდის ისეთი დაავადებების რისკს, როგორიცაა რესპირატორული დარღვევები, მათ შორის სიმსივნე. ამ სურათს ამძაფრებს მშენებლობისას გამოყენებული მასალებისა და ტექნიკის, განსაკუთრებით ბეტონისა და მძიმე ტექნიკის მიერ გამოწვეული ნახშირბადის ემისიები, რომლებიც როგორც საქართველოში, ისე გლობალურად, ერთ-ერთი მთავარი წყაროა კლიმატური ცვლილებებისა და გლობალური დათბობის. საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ მშენებლობის სექტორი მსოფლიოში CO₂-ის საერთო ემისიების დაახლოებით 40%-ზეა პასუხისმგებელი, რაც პირდაპირ კავშირშია ბუნებრივი კატასტროფების რაოდენობისა და ინტენსივობის ზრდასთან — მათ შორის საქართველოშიც.’’- აცხადებს ნანა ზაალიშვილი.

არქიტექტორი ამბობს, რომ ქვეყანაში მშენებლობით მიყენებული ზიანის აღდგენის მექანიზმები პრაქტიკულად არ არსებობს, რაც შემაშფოთებელია. ნანა ზაალიშვილი მიიჩნევს, რომ ქალაქის არქიტექტურა არა მხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებს, არამედ ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებას უნდა ემსახურებოდეს. სწორედ ამიტომ მისი აზრით საჭიროა მკაფიო რეგულაციები და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვა.

,,სახელმწიფო უწყებების მხრიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობიანი დაგეგმარება და ეფექტური რეგულაცია პრაქტიკულად არ ხორციელდება. ბუნებრივი გარემო იშლება, ბიომრავალფეროვნება ქრება, ხოლო ქალაქის საერთო სიცოცხლისუნარიანობა იკლებს. შედეგად, მოსახლეობა აღმოჩნდა უმძიმეს პირობებში. ხშირია შემთხვევები, როდესაც დაბალ განაშენიანებაში მოულოდნელად აღმართულია მაღალი შენობები, რაც არსებითად არღვევს სინათლისა და ჰაერის მიმოცვლის ბუნებრივ ბალანსს. ეს, თავის მხრივ, არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცის ხარისხს ამცირებს, არამედ ადამიანების ფსიქოსოციალურ კეთილდღეობაზეც უარყოფითად მოქმედებს. აუცილებელია მშენებლობის სფეროში პასუხისმგებლობის ზრდა, მკაფიო რეგულაციები, გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვა და საზოგადოების ფართო ჩართულობა ურბანული განვითარების პროცესებში, რათა ქალაქის არქიტექტურა ემსახურებოდეს არა მხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებს, არამედ ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება არქიტექტორებს და ურბანისტებს, რომლებიც უნდა იყვნენ ჩართულნი პროცესის ყველა ეტაპზე, რათა ქალაქმა შეინარჩუნოს თავის იდენტობა, ეკოლოგიური მდგრადობა და ადამიანური მასშტაბი.’’- აცხადებს ნანა ზაალიშვილი.

არქიტექტორს ვკითხეთ, როგორ უნდა შეიცვალოს ქალაქის ურბანული განვითარება? და რამდენად შესაძლებლობა ეს? ნანა ზაალიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის ურბანული განვითარების სწორად წარმართვა შესაძლებელია, თუმცა ამისათვის პოლიტიკური ნებაა საჭირო.

,,თბილისის განვითარება უნდა გადაიზარდოს სისტემურ, შეთანხმებულ და სტრატეგიულ პროცესში, რომლის მთავარი მიზანი იქნება გარემოს, საზოგადოების და კულტურული მემკვიდრეობის გათვალისწინება. რეალურად ყველაფერი შესაძლებელია, თუ იქნება პოლიტიკური ნება, რომელიც თავისუფალია პირადი ფინანსური და დეველოპერული ინტერესებისგან.’’- აცხადებს ნანა ზაალიშვილი.