ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის სასტუმროები ჯავშნებს აქტიურად იღებენ. შავი ზღვის სანაპიროზე, გაშენებული მრავალფუნქციური კომპლექსის ,,Dreamland Oasis’’-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მათ პოზიტიური მოლოდინი აქვთ, რასაც სასტუმროს დატვირთულობის და ჯავშნების მაჩვენებელი განაპირობებს. მარიკა იაკობაძის თქმით, 2025 წლის ზაფხულის სეზონის მიმართ ამ ეტაპზე უკვე ფიქსირდება საგრძნობლად მაღალი ინტერესი. მისი მოლოდინით, მიმდინარე სეზონი უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და აქტიური იქნება.

,,ამ ეტაპზე სასტუმროს დატვირთულობა მერყეობს 60-დან 70 პროცენტამდე, რაც სეზონის დასაწყისისთვის საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია. მაისისა და ივნისის ბოლოდან შეინიშნება მზარდი აქტივობა, რაც მიანიშნებს, რომ სტუმრების დაინტერესება სტაბილურად იზრდება. ჯავშნების ტემპი, როგორც პირდაპირი გაყიდვების არხებზე, ისე საერთაშორისო სააგენტოებსა და ონლაინ პლატფორმებზე, ყოველკვირეულად მზარდია, რაც საშუალებას გვაძლევს საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე სეზონი იქნება ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და აქტიური უკანასკნელი წლების განმავლობაში. მოთხოვნის ანალიზი აჩვენებს, რომ განსაკუთრებით იზრდება ჯავშნები საოჯახო დასვენებებზე, რაც მეტყველებს ბაზრის სტრუქტურული ცვლილებაზე. ინდივიდუალური მოგზაურობისგან მოთხოვნა გადადის კოლექტიურ დასვენებაზე, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს როგორც ოთახების კატეგორიაზე, ასევე მომსახურების ფორმატზე. ასევე აქტიურად იზრდება წინასწარ დაჯავშნილი პერიოდების ხანგრძლივობა, რაც იძლევა მეტ ფინანსურ პროგნოზირებადობასა და სტაბილურობას. აღნიშნული ფაქტორების კომბინაციით ველით რეკორდულად მაღალ დატვირთულობას განსაკუთრებით ივლისისა და აგვისტოს თვეებში.’’- აცხადებს მარიკა იაკობაძე.

დაწყებულია ჯავშნების მიღება ზაფხულის ცხელი სეზონისთვის. ,,Dreamland Oasis’’-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ივლისისა და აგვისტოსთვის პერიოდისთვის დატვირთულობა 80%-ს უახლოვდება.

,,ჯავშნები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ივლისისა და აგვისტოსთვის მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია და დღევანდელი მონაცემებით, დატვირთულობა ამ პერიოდზე უკვე 75–80%-ს უახლოვდება. მოლოდინია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონი ბოლო წლების განმავლობაში.’’- ამბობს მარიკა იაკობაძე.

მრავალფუნქციურ კომპლექსს ,,Dreamland Oasis’’-ს ძირითადად ადგილობრივი ტურისტები და ვიზიტორები მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრობენ, თუმცა სასტუმროში აცხადებენ, რომ მზარდი ინტერესი შეინიშნება არაბული ქვეყნების მხრიდან.

,,ჩვენი ძირითადი სტუმრები არიან: ადგილობრივი დამსვენებლები საქართველოდან. მეზობელი ქვეყნებიდან: ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან. ევროპული ბაზრიდან: პოლონეთი, ლიტვა, ლატვია. განსაკუთრებული ზრდა შეინიშნება ისრაელიდან და მოლდოვიდან. ასევე, მზარდია ინტერესი არაბული ქვეყნების მხრიდან, რაც ტურისტული დივერსიფიკაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.’’- განმარტავს მარიკა იაკობაძე.