ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2025 გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. რიგით მეხუთე აგროოლიმპიადის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლენილ 36 გამარჯვებულს ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში მამუკა მესხმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში დიდიე ტღებიუკმა გადასცეს.

დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აგრარული განათლების მნიშვნელობაზე, კვალიფიციური კადრების მხარდაჭერასა და აგრარული ოლიმპიადის როლზე დეფიციტური პროფესიების განვითარების ხელშეწყობაში.

„დღეს, როდესაც მეხუთე აგროოლიმპიადის გამარჯვებულებს ვაჯილდოებთ, ნათლად ჩანს, რომ ეს ინიციატივა ჩამოყალიბდა მყარ, ცოდნაზე და პროფესიონალიზმზე დაფუძნებულ პლატფორმად, რომელიც ყოველწლიურად იზიდავს უფრო მეტ მონაწილეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება შეჯიბრობითობის პრინციპით, განსაკუთრებით იმ დარგების მიმართულებით, რომლებიც დღეს საქართველოში დეფიციტურია. მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის იყვნენ ვეტერინარები, ღვინისა და სურსათის ტექნოლოგები, ტყის მიმართულებით სპეციალისტები და აგრონომები. მეხუთე აგროოლიმპიადამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აგრარულ დარგს საქართველოში აქვს მნიშვნელოვანი განვითარების პოტენციალი და ამ პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის გადამწყვეტია კვალიფიციური კადრების მხარდაჭერა”, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.

ოლიმპიადა აგრონომიის, სასურსათო ტექნოლოგიის, სატყეო საქმის, ღვინის ტექნოლოგიის, ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის მიმართულებებში ჩატარდა და მოიცვა ფაქტობრივად ყველა ის პრიორიტეტული დარგი და სპეციალობა, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია საქართველოს შესაბამისი პროფილის დასაქმების ბაზარზე.

„ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებასა და მათ აქტიურ ჩართულობას ამ სფეროში. ამასთანავე, ის ხელს უწყობს კვალიფიციური ექსპერტების გამოვლენასა და ზოგადად განათლების გაძლიერებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სწორედ კვალიფიციური ადამიანური რესურსია ის მთავარი ძალა, რომელიც განაპირობებს ინოვაციების დანერგვასა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, რაც საბოლოოდ ქმნის ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის დამატებით სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა მამუკა მესხმა.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა ქვეყნის მასშტაბით და ზოგადად რეგიონში აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი კონკურსია. ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლებისა და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის ჩამოყალიბებას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ სფეროში არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან FAO-ს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით იმართება. 2025 წლის გამარჯვებულებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის (ADA), ეროვნული სატყეო სააგენტოს, ასევე აგროოლიმპიადის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და სპონსორების მიერ დაწესებული ჯილდოები გადაეცათ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს