აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეიდან აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტი დაიწყება. ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ცნობებით, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მოადგილე შაჰინ მუსტაფაევსა და სომხეთის მთავრობის მეთაურის მოადგილე მღერ გრიგორიანის შეთანხმების თანახმად, დღეს აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ ბენზინით დატვირთული 22 ვაგონი აზერბაიჯანიდან სომხეთში გაემგზავრება.

მედიის ცნობით, აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტი კომერციულ ხასიათს ატარებს და ბენზინი გაიყიდება საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ფასად.

აზერბაიჯანული მედია ასევე აღნიშნავს, რომ „8 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ 5 დეკემბერს პარტნიორებისაგან მიიღეს საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთში ერთჯერადი გადაზიდვის მოთხოვნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რკინიგზას დაევალა, დაუყოვნებლივ, ერთჯერად საფუძველზე განახორციელოს ტვირთების უფასო გადაზიდვა სარკინიგზო ტრანსპორტით.“

„ეს თვალსაჩინოდ ახდენს დემონსტრირებას, რომ მშვიდობიანი დღის წესრიგი ატარებს არა მხოლოდ დეკლარირებულ ხასიათს, არამედ პრაქტიკაში ხდება მისი რეალიზაციაც. აზერბაიჯანული ნავთობპრუდუქტების სომხეთში ექსპორტი ასახავს სამშვიდობო პროცესის ეკონომიკური დივიდენდების კონცეფციას და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ფორმირებაში. ეს ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას რეგიონში და გააფართოებს კავშირებს ქვეყნებს შორის რეგიონში“, – წერს აზერბაიჯანული მედია.

1tv.ge