საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, სადაზღვევო სექტორში მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობა გაზრდილია.

როგორც მან კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის V საერთაშორისო კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, მომხმარებლებს დღეს საკუთარი უფლებების დაცვის შესახებ მეტი ინფორმაცია და შესაბამისი მექანიზმები აქვთ, რაც მიმართვიანობის ზრდაზეც აისახება.

„დაზღვევის სფეროში რაც უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემ მომხმარებელს, თავისი უფლებები დაიცვას, შეიძლება, ჩანდეს, რომ მეტი მომართვიანობაა. მომხმარებელს შეუძლია, მიმართოს ჯერ სადაზღვევო კომპანიას, ამის შემდგომ არის ჩვენი სამსახური, შემდგომ - სასამართლო, მაგრამ ძირითადად, პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი სასამართლო ქეისები და ეს ძალიან კარგია. მომართვიანობა ჩვენთან უკვე ბოლო სამი წელია, გასამმაგებულია, გაოთხმაგებულია, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ვებგვერდი, სადაც შეუძლიათ, მოგვმართონ, დაეკონტაქტონ ჩვენს თანამშრომლებს. დღეს მომხმარებელს აქვს ყველა საშუალება და ინფორმაცია, რომ მოგვმართოს და ჩვენ დავიცვათ მისი უფლებები“,- ამბობს დავით ონოფრიშვილი.