,,წლევანდელი წელი საქართველოსთვის რეკორდული იყო მოსავლიანობის მხრივ. გარდა ამისა, ისევ შემოდის ხორბალი რუსეთიდან და ახალი შესაძლებელობაც გაჩნდა, ხორბალი შესაძლოა შემოვიდეს ყაზახეთიდანაც”, – ამის შესახებ ,,საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,,ყაზახეთშიც ძალიან დიდი რაოდენობის ხორბალი მოვიდა. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ყაზახეთი ამარაგებდა ხორბლით პაკისტანს და პაკისტანში რუსეთმაც შეიტანა ახლა ხორბალი. ამიტომ ყაზახეთს აქვს უფრო მეტი მარაგი და დაინტერესებულია ამის რეალიზაციით. ჩვენთვისაც გაჩნდა ახალი შესაძლებლობა, რომ ყაზახეთიდანაც შემოვიტანოთ ხორბალი”, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.
მისი თქმით, ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ბოლო წლებში სტაბილურად ინარჩუნებს ფასს – პურია. მაგრამ გაჩნდა ახალი გამოწვევები, რომელიც საფიქრალია.
,,25-30 ათასის ჯარიმები მოუვიდათ ქარხნებს დისტრიბუციაში და ეს ძალიან საფიქრალი თემაა. პურს ყოველთვის ჰქონდა მიწოდების განსაკუთრებული პირობები. პური დაბალფასიანი, პირველადი მოთხოვნის პროდუქტია და მოთხოვნისთანავე უნდა მიეწოდოს მიმწოდებელს. თან ჩვენთან სავაჭრო ქსელები არ არის მომზადებული იმისთვის, რომ ჰქონდეს მისაღები ბაქანი ცალკე, არ არის სამწუხაროდ ღამის მიღების საათები და ვაჯარიმოთ ჩვენ პურის მწარმოებელი, იმისთვის, რომ პურს აწვდის მაღაზიას, ეს ძალიან საკამათო თემაა”, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.
როგორც მან აღნიშნა, ყველა შესაბამისმა უწყებამ, ხელი უნდა შეუწყონ პურის მწარმოებლებს იმისთვის, რომ საბოლოოდ ეს ჯარიმები პურის თვითღირებულებაზე არ აისახოს.
,,ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პურზე ფასი არ აიწიოს. ვეცდებით ასე გავაგრძელოთ, თუმცა უნდა გაიგოს გამგებმა ორგანიზაციებმა, რომლებიც გვემსახურებიან რომ პურ-პროდუქტებს უნდა ხელშეწყობა. ამ პროდუქტებს ყოველთვის ჰქონდა მიწოდების განსაკუთრებული წესები და ეს წესები ისევ უნდა მუშაობდეს”, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.