ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, პრომინადის გასწვრივ სკამებიც დაულაგებიათ, ნაგვის ურნებიც, დგას სამაშველო კოშკურა, ზღვაში ტივტივებიც არის და სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეებიც, თუმცა მთავარი, რისთვისაც ეს ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, ანუ პლაჟი, არ არის.
ბანაობის სეზონი კი ბათუმში, მართალია „არაოფიციალურად“, მაგრამ დაწყებულია.
ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის ხრეში ჭოროხის კალაპოტში არ აღმოჩნდა.

ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება / აქ არც პლაჟია და ზღვა ნაპირდამცავი ლოდების კონსტრუქციასაც შლის / 10.06.2026
რა ხდება?
ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე სანაპიროს დასაცავად თავის დროზე სპეციალური ნაგებობა ლოდებით ააგეს, რაშიც 52,2 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ყოველწლიურად, ზღვის ხელოვნური კვება იყო საჭირო პლაჟის მოწყობა-შენარჩუნებისთვის.
საჭირო რაოდენობის ხრეშის შეუტანლობის გამო აქ არსებული პლაჟის ვიწრო ზოლი ზღვამ კვლავ წარეცხა, პარალელურად ნაპირდამცავ ლოდებსაც ისევ შლის.
სანაპიროზე ხრეშის [ინერტული ნატანის] შესატანად აჭარის 2025 წლის ბიუჯეტიდან ფული არ დახარჯეს, არადა ამისათვის 2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. 2026 წლის ბიუჯეტში კი, პლაჟის ხელოვნური კვებისთვის, მთლიანობაში 2 650 000 ლარი გაწერეს.
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ტენდერი 2 472 349 ლარით გამოაცხადა, თუმცა ეს ტენდერი 2026 წლის მარტში შეწყვიტა. ტენდერის შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს, რომ მდინარე ჭოროხის კალაპოტში წინასწარ განსაზღვრულ კარიერში საჭირო რაოდენობის ინერტული მასალა აღარ აღმოჩნდა.

ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება / აქ სკამებიც დაულაგებიათ, ნაგვის ურნებიც, დგას სამაშველო კოშკურა, ზღვაში ტივტივებიც არის და სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეებიც, თუმცა, პლაჟი არ არის / 10.06.2026
ტენდერის შეწყვეტის მიზეზი სატენდერო კომისიის 2026 წლის 5 მარტის ოქმიდან:
„სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ ბაგრატიონმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 4 მარტს სამმართველოს გეოლოგიის სამსახურმა შეისწავლა მდ. ჭოროხის კალაპოტში სანაპირო ზოლის პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოებისთვის გამოყოფილი კარიერის ტერიტორია ვიზუალურად.
ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კარიერის ფართობზე ფიქსირდება დაახლოებით 20 სმ სიმძლავრის წვრილფრაქციული მასალით (შლამით) დაფარული მონაკვეთები, რაც კარიერის საერთო ფართობის დაახლოებით 40%-ია. აღნიშნული გამოწვეულია ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად მდ. ჭოროხის კალაპოტში წყლის დონის მკვეთრი მატებით.
გეოსაინფორმაციო პაკეტის მიხედვით, კარიერიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვება შესაძლებელია მაქსიმუმ 1,5 მეტრის სიღრმეზე. წყალმოვარდნის შედეგად გავრცელებული შლამის ფენა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, როგორც მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობაზე, ისე მასალის ფრაქციულ შემადგენლობაზე, რაც იწვევს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის გამოსაყენებელი ინერტული მასალის მოცულობის შემცირებას.
გამომდინარე აქედან, წყალმოვარდნის შედეგად წარმოქმნილი და გავრცელებული შლამის ფენის გამო შემცირდა სამუშაოებისთვის საჭირო ინერტული მასალის მოცულობა, რის გამოც ბათუმის სანაპირო ზოლის შესაბამის მონაკვეთებში ვერ მოხდება პლაჟის გასამაგრებელი პროექტით განსაზღვრული რაოდენობის ინერტული ნატანის შეტანა.
სატენდერო კომისიის წევრები გაეცნენ გეოლოგიის სამსახურის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. ითქვა, რომ ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული ფართობის დამატებითი შესწავლა.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული ფართობის დამატებითი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს გეოსაინფორმაციო პაკეტის კორექტირების საკითხი, ხოლო მოცემულ ეტაპზე სატენდერო პირობებში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია.
წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ქალაქ ბათუმში ზღვის სანაპირო ზოლის ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების, არსებული რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქციის (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოები) შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება პლაჟის გარეშე / 10.06.2026
2026 წელს, შეწყვეტილი ტენდერის ფარგლებში, 110 ათასი კუბური მეტრი პლაჟწარმომქმნელი მასალა [ხრეში], უნდა შეეტანათ სანაპიროზე – აეროპორტის ასაფრენ ზოლთან და ახალ ბულვარში – დანგრეული პირსის მიმდებარედ.
ზემოთ აღნიშნული მიზეზით ტენდერი 5 მარტს შეწყვიტეს. 18 მარტს კი, „ოცნების“ მთავრობის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, მდინარე ჭოროხის კალაპოტის სამ უბანზე, დაახლოებით 15 ჰექტარ ფართობზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხელოვნური კუნძულისთვის დამატებით 301 ათას 140 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ ამოღების უფლება მისცეს.
ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ლიცენზიისგან არაერთხელ გაათავისუფლეს. კომპანია მასალებს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, ჭოროხის კალაპოტშიც მოიპოვებს.
სპეციალისტების მტკიცებით, ჭოროხიდან ხრეშის ამოღება მშენებლობისთვის დაუშვებელია და ეს მასალა სრულად ბათუმის ნაპირგამაგრებას უნდა მოხმარდეს, რასაც არცერთი დონის ხელისუფლება წლებია არ ითვალისწინებს.

ნაპირსამაგრი ნაგებობა, რომელსაც ზღვა შლის ბათუმში, აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / 10.06.2026
ტენდერში, რომელიც შეწყვიტეს, 3 კომპანია მონაწილეობდა: შპს „იქსენერჯი გრუპ“ [შეთავაზება 1 456 000 ლარი], შპს „ენ-დი როუდი“ [1 656 240 ლარი] და შპს „ელიტ ბილდერს გრუპი“ [1 854 250 ლარი]. აქედან პირველ ორ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
„ბათუმელები“ აჭარის გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იგეგმება თუ არა ტენდერის ხელახლა გამოცხადება და სავარაუდოდ რა პერიოდისთვის. სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მათ წერილით უნდა მივმართოთ.

ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება პლაჟის გარეშე / მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა ეს მონაკვეთი ბანაობისთვის არარეკომენდებული ან აკრძალული ადგილების ჩამონათვალში ჯერ-ჯერობით არ არის / ფოტო: 10.06.2026
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაკვეთით 2022 წელს მომზადდა „ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების) პროექტი“, რომელიც სამმართველომ 2022 წლის 10 მაისს ჩაიბარა.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით:
„სანაპიროს მკვებავ მდინარეებში აღარ არსებობს პლაჟების მკვებავი მასალა, ვინაიდან მათი პირდაპირი დანიშნულების მაგივრად მდინარის ნატანს იყენებენ სხვადასხვა სამშენებლო მიზნებით [შემოვლითი გზების და უბრალოდ გზების მშენებლობა, მაღლივი კორპუსების მშენებლობა უშუალოდ ზღვასთან და ხშირ შემთხვევაში იქ, სადაც პლაჟი და ზვინული უნდა იყოს].
აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში, აუცილებლად უნდა შემუშავდეს სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.

ბათუმის ახალ ბულვართან და მის გაგრძელებაზე ჩაწყობილი ლოდები რომ უსაფრთხო არ არის ეს თავის დროზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდშიც დაგვიდასტურეს. / ფოტო: 10.06.2026
„ახალ სტრატეგიასთან“ დაკავშირებით 2025 წლის 30 დეკემბერს „ბათუმელებმა“ წერილობით აჭარის მთავრობას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და ბათუმის მერიას იდენტური კითხვებით მიმართა. გვაინტერესებდა დაწყებული იყო თუ არა ამ კუთხით მუშაობა. 2026 წლის 27 იანვარს პასუხი მხოლოდ გარემოს სამმართველოდან მივიღეთ, სადაც ეწერა:
„რაც შეეხება „სანაპიროს ექსპლუატაციის და ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიას“, სამმართველო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, წარადგინოს თავისი მოსაზრებები“.

ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება პლაჟის გარეშე / 10.06.2026
მდინარეებში ნატანის კლებამ და ზღვის ხელოვნური კვების შეწყვეტამ პრობლემები შეუქმნა ქობულეთის პლაჟებსაც.
140 ათასი კუბური მეტრი ხრეშის ქობულეთის პლაჟზე შესატანად ტენდერი 5 267 457 ლარით წელს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აქვს გამოცხადებული.
დეპარტამენტმა შპს „გზამშენს“, რომელიც მომსახურებას 3 950 593 ლარად სთავაზობდა, დისკვალიფიკაცია მისცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. მეორე პრეტენდენტია შპს „სკინჩი“, რომელიც სამუშაოების შესრულებას დეპარტამენტს 4 213 966 ლარად სთავაზობს.
ეს ტენდერი 2026 წლის 11 ივნისის მდგომარეობით შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

მდგომარეობა სანაპიროზე ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ ერთ-ერთ ჩასასვლელთან / 10.06.2026
ბათუმის სანაპიროს პრობლემებს რაც შეეხება, „ბათუმელები“ წლებია წერს და ყველა სპეციალისტი უმთავრეს პრობლემად ზღვაში ნატანის დეფიციტს ასახელებდა:
- ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით. გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგებოდა;
- თავის დროზე მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ თურქეთში, მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა;
- ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ჭოროხზე საქართველოში; ასევე ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება; შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა;
- შეწყდა ხელოვნური კვებაც, რამაც გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის მიმართულებით, რაც დღესაც გრძელდება;
- ხელოვნური კვებით შენარჩუნებულ პლაჟს [რეცხვად ბერმას] შტორმის დროს ზღვა პერიოდულად რეცხავს. წარეცხილი ნატანი მასალა [ქვიშა-ხრეში] კი ბათუმის კონცხთან ზღვაში იკარგება.