„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ავიაბილეთების ტარიფი საკმაოდ მომატებულია და ეს ეხება ნებისმიერ მიმართულებას, მათ შორის, ევროპასაც“, - აცხადებს „ჩექინ თრეველის“ დირექტორი ლევან ოსეფაიშვილი რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
როგორც ლევან ოსეფაიშვილი აღნიშნავს, ჯერჯერობით ბუნდოვანია, რამდენად მალე დასტაბილურდება ავიაბილეთების ბაზარი.
„ზოგ მიმართულებაზე 30%-იანი ზრდაც კი ფიქსირდება. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავიაკომპანიებმა ბილეთები მინიმუმ 20%-ით გააძვირეს. საუბარია მათ შორის, ბიუჯეტურ ავიაკომპანიებზეც“, - ამბობს ლევან ოსეფაიშვილი.
მისივე თქმით, ომისა და გაძვირებული ბილეთების ფონზე, მომხმარებელთა გააქტიურება მარტის ბოლო პერიოდიდან მაინც შეინიშნება.
„ჩემი კომპანიის მაგალითზე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რთული პერიოდი, რომელიც მარტში გვქონდა, გადალახულია და ჯავშნების მიმართულება საკმაოდ გააქტიურებულია. შემიძლია იმის თქმაც, რომ შევედით აქტიურ პერიოდში, რომელიც აპრილში იწყება ხოლმე. ჩვენი კომპანიის ანალიტიკის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იგივე პროცენტულობა გვაქვს.
რაც შეეხება ტურების ღირებულებას, სასტუმროებისა და სხვა ტიპის მომსახურებებს, დიდი სხვაობა ფასში არ არის. მატება დაახლოებით 7%-ის ფარგლებშია. ავიაკომპანიების მსგავსი ზრდა ამ მხრივ ნამდვილად არ არის. ამასთან, მოთხოვნა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებზე, შეიძლება ითქვას, სრულად ჩანაცვლებულია. მაგალითად, თუნდაც ეგვიპტე რომ ავიღოთ, კვირაში ერთხელ გვაქვს ჩარტერული რეისი და აპრილში ორივე რეისი სრულად შეივსო. ძირითადი გადამისამართება მაინც ევროპაზე გაკეთდა, მათ შორის, საკმაოდ პოპულარული გახდა კრუიზით მოგზაურობა“, - აცხადებს ლევან ოსეფაიშვილი.