არავინ დაგაჯეროთ რომ ახალ წელს გაკლიათ ფერმენტები, პრობიოტიკები, მჟავიანობის წამლები და სხვა. ეს ყველაფერი აკლია ამ მედიკამენტების გაყიდვების დეპარტამენტის ბოსებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა წერს. 

„ზუსტად ვიცი რომ ამ დღეებში ტელევიზიები აივსება მედიკამენტების რეკლამებით და ამიტომ წინმსწრებად გეტყვით: შემთხვევით არავინ დაგაჯეროთ რომ ახალ წელს გაკლიათ ფერმენტები, პრობიოტიკები, ანტისპაზმოდიკები, მჟავიანობის წამლები და ათასი მსგავსი რამ. ეს ყველაფერი აკლია ამ მედიკამენტების გაყიდვების დეპარტამენტის ბოსებს.

გული მიკვდება რაღაცნაირი წმინდა ქართული ტრადიციასავით რომ ყალიბდება საახალწლო სუფრასთან აუცილებელი წამლების მენიუ ჯანმრთელი ადამიანებისათვის. ამდენ პანკრეასის ენზიმს საერთოდ სადმე თუ მოიხმარენ ჯანმრთელი ადამიანები, არ ვიცი.

დისკომფორტს არ უნდა ტონა წამალი. ამ
დროს უფრო უსაფრთხო ქცევა შემდეგია - თუ არასწორი ქცევით გამოწვეული დისკომფორტი გადასწონის ამ ქცევით მიღებულ ბენეფიტებს, დროა ქცევა შევცვალოთ. ასაკის მატებასთან ერთად ალკოჰოლის და ზედმეტად ცხიმიანი საკვების შემცირება თუ მოგვიწევს, არაა ტრაგედია, ამით ჩვენი ადამიანობა არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ხოლო თუ დისკომფორტი არაა უფრო მეტი, ვიდრე ბენეფიტი, მაშინ შეხედეთ მას როგორც სიამოვნების მიღებისას გადახდილ აუცილებელ ხარკს, ბევრი წყალი დალიეთ, ცოტა ადროვეთ და გაივლის", - წერს ჯაბა ზარქუა.