2014 წელთან შედარებით, საქართველოში მუდმივად მცხოვრების უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, რომელთა შორის არის უცხოელი სტუდენტების გაზრდილი მაჩვენებელი, რუსეთ–უკრაინის ომის გამო მიგრირებული მოქალაქეები და საქართველოდან წასული ემიგრანტები.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 257 ათასი მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 3.914 მილიონს შეადგენს, საიდანაც 93.4% საქართველოს მოქალაქე, 6.6% კი ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხოელია.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა აღწერის დროს, 2014 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მაცხოვრებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები იყო, ცხადია, ეს უკვე საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
მაგალითად, დუბაი რომ განვიხილოთ, იქ მხოლოდ 17% წარმოადგენს ადგილობრივ მოსახლეობაა, ხოლო 3-ჯერ უფრო მეტია ინდოეთის მოქალაქე. საკმაოდ წარმატებული და განვითარებულია დუბაი, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის წილი ასეთი დაბალია და ცხადია, ჩვენ ამ გზით არ უნდა წავიდეთ.
თუ რატომ არის უცხო ქვეყნის ამდენი მოქალაქე საქართველოში მუდმივად მცხოვრებელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა, საქართველოს სტუდენტების საერთო რაოდენობაში გაიზარდა 9%-დან თითქმის 20%-მდე. შედეგად, ამჟამად ყოველი მეხუთე სტუდენტი სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ცხადია, ეს ფაქტორიც ახდენს გავლენას იმ რიცხვზე, რომელიც დასახელდა.
გარდა ამისა, ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქე უფრო მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეები უფრო მეტნი შემოვიდნენ, ვიდრე გავიდნენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობაში საქართველოს მოქალაქეების საერთო წილი შემცირებულია“,- ამბობს სოსო არჩვაძე.
კითხვაზე, 10 წელში 10-ჯერ გაზრდილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა ნიშნავს, თუ არა, რომ მომავალშიც ტენდენცია შესაძლოა, იგივე ტემპით განვითარდეს, სტატისტიკოსი ამბობს, რომ არა. მისი თქმით, ამას გასულ წლებში რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.
„არა, იმიტომ, რომ ამას გარკვეული ფაქტორები უძღოდა წინ, რომელიც სისტემატურად არ მეორდება. მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომი, რომლის გამოც მრავალი ათეული მოქალაქე იძულებით აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე. ამანაც მოახდინა დიდი გავლენა. ამიტომ იგივე მასშტაბით ტენდენციის განვითარებას უნდა ველოდოთ“,- ამბობს სოსო არჩვაძე.