„როგორ შეიძლება უმუშევრობა იზრდებოდეს, როცა ეკონომიკური „ბუმი“ გაქვს?!“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ ეკონომიკა ისე იზრდება, როგორც ამბობენ, შრომის ბაზარზე მეტი ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული.
„აბსურდულია სურათი დასაქმების კუთხით - თუ ეკონომიკა ისე სასწაულად იზრდება, როგორც გვეუბნებიან, რა უნდა მოხდეს შრომის ბაზარზე? სკოლის ბავშვიც გვიპასუხებს, რომ ამ დროს მეტი ადამიანი უნდა მუშაობდეს. რა ხდება სინამდვილეში? - პირველ ორ კვარტალში ყველაფერი არის „იდეალურად“, მთავრობა იშველიებს ეკონომიკური ზრდის ერთ მონაცემს და რაღაც აბსტრაქტულ რეიტინგებს, ვიღაცეების გაკეთებულს უცხოეთში. მაგრამ ამის პარალელურად შრომის ბაზარზე უმუშევრობა იზრდება და უწევთ, რაღაც მოიგონონ, როგორ შეიძლება უმუშევრობა იზრდებოდეს, როცა ეკონომიკური „ბუმი“ გაქვს?!
ქვეყანაში, სადაც 20%, ანუ დაახლოებით 700 000 ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას, გვეუბნებიან, რომ სიღარიბე არის 10%-ზე დაბალი და შიდა გამოკითხვებში ყოველი მესამე გამოკითხული თავს ღარიბად მიიჩნევს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს“, - აღნიშნავს ის.
გიორგი ხიშტოვანი საშიშად მიიჩნევს ამ ფაქტების უგულვებელყოფას და მისი თქმით, ეს ყველაფერი ბევრ უარყოფით პროცესს გამოიწვევს.
„ამ ფაქტების უგულვებელყოფა ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს იმას, რომ არცერთ ეკონომიკურ მონაცემს მოქალაქე აღარ დაიჯერებს. მე ვურჩევდი მთლიან პოლიტიკურე სპქეტრს, რომ როდესაც საუბარია ეკონომიკაზე, ძნელია მოატყუო რიცხვებს. თუ ამ თამაშში შეხვალ, ძალიან სახიფათო შედეგებს მიიღებ, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ მოქალაქე ნდობას დაკარგავს და ეს გამოიწვევს სხვა უარყოფით პროცესებს“, - აღნიშნავს ის.