დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა, ალგეთის ეროვნულ პარკში, მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ფერომონიანი მწერმჭერები განათავსეს – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„ფერომონების საშუალებით მავნებლის რაოდენობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება; მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, დაცული ტერიტორიების სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსურ ღონისძიებებს განახორციელებს, მათ შორის, ხმელი და დაავადებული ხეების ტერიტორიიდან გამოტანა, რომელიც სანიტარიული ჭრების ფარგლებში მოხდება.
მსგავსი პრევენციული და რეაგირების ღონისძიებები უახლოეს მომავალში განხორციელდება ბორჯომ-ხარაგაულისა და აჯამეთის აღკვეთილის ტყეებშიც.
ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით მსგავსი ტიპის ღონისძიებები წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლის მიზანიც დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყის ეკოსისტემების დაცვის და მდგრადი მართვის უზრუნველყოფაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიების დაახლოებით 48% ტყით არის დაფარული. ამ ტყეების დიდი ნაწილი ხელუხლებელ მდგომარეობაშია შემონახული და წარმოადგენს ფასდაუდებელ საბინადრო გარემოს მრავალი იშვიათი და ენდემური ცოცხალი ორგანიზმისთვის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.