საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით (208.5 ათასი კაცი), 3 721.9 ათასიდან 3 930.4 ათასამდე გაიზარდა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის დონეზე 2015-2021 წლებში მოსახლეობის რიცხოვნობა შედარებით ზომიერი ტემპით იზრდებოდა და აღნიშნულ პერიოდში ზრდამ 63.5 ათასი კაცი (1.7%) შეადგინა. 2022 წლის 1 -ელი იანვრის მდგომარეობით, წინა წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა 25.0 ათასი კაცით შემცირდა.

„შემდგომ პერიოდში ტენდენცია მკვეთრად შეიცვალა: 2022-2025 წლებში მოსახლეობა 169.9 ათასი კაცით (4.5 პროცენტი) გაიზარდა. 2015-2019 წლებში ბუნებრივი მატება ჯერ კიდევ დადებითი იყო, თუმცა თანდათან მცირდებოდა, ხოლო მიგრაციული სალდო უმეტესად ზომიერი რჩებოდა. 2020 წლიდან ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფით ნიშნულზე გადავიდა. 2020 წელს დაფიქსირებულმა უარყოფითმა ბუნებრივმა მატებამ (-4.0 ათასი) და დადებითმა მიგრაციულმა სალდომ (+19.1 ათასი) 2021 წლის 1-ელი იანვრისთვის მოსახლეობა დაახლოებით 15.0 ათასით გაზარდა. 2021 წელს კი უარყოფითმა ბუნებრივმა მატებამ (-14.0 ათასი) და უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ (-11.0 ათასი), გამოიწვია 2022 წლის 1 -ელი იანვრისთვის მოსახლეობის რიცხოვნობის 25.0 ათასი კაცით შემცირება.

2022–2024 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითი იყო (ჯამურად -13.8 ათასი კაცი). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის საერთო რაოდენობამ ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა და 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე 169.9 ათასით გაიზარდა. მოსახლეობის რაოდენობის აღნიშნული ცვლილება დემოგრაფიული პროცესების ერთობლივი შედეგია.

აღსანიშნავია, რომ 2015-2025 წლებში მოსახლეობის რიცხოვნობა ძირითადად რამდენიმე რეგიონში: თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლში გაიზარდა. დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

2015-2025 წლებში გამოიკვეთა ურბანიზაციის მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია. 2015 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით საქალაქო დასახლებებში ცხოვრობდა 2 135.6 ათასი კაცი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 57.4%-ს შეადგენდა. 2025 წლისთვის საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობა 2 445.4 ათასამდე გაიზარდა, ხოლო მისმა წილმა მთლიან მოსახლეობაში 62.2% შეადგინა. შესაბამისად, 2015-2025 წლებში ურბანიზაციის დონე 4.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ამავე პერიოდში საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობა 309.8 ათასი კაცით, 14.5 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როდესაც სასოფლო დასახლებების მოსახლეობა 101.3 ათასი კაცით, 6.4 პროცენტით შემცირდა. ამდენად, ქვეყნის მოსახლეობის 2015-2025 წლების საერთო მატება მთლიანად საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის ზრდის ფონზე განხორციელდა, მაშინ როდესაც სასოფლო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდებოდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, 2015-2025 წლებში შეიცვალა მისი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურაც.

„კაცების რიცხოვნობა 1 777.1 ათასიდან 1 881.4 ათასამდე, ქალებისა კი 1 944.8 ათასიდან 2 049.0 ათასამდე გაიზარდა. ზრდა ორივე სქესში თითქმის თანაბარი იყო. შედეგად, კაცების წილი 47.7- დან 47.9 პროცენტამდე გაიზარდა, ქალებისა კი 52.3-დან 52.1 პროცენტამდე შემცირდა. ყოველ 100 ქალზე კაცების რაოდენობა 91.4-დან 91.8-მდე გაიზარდა, რაც სქესობრივი დისბალანსის მცირედ შემცირებაზე მიუთითებს. ასაკობრივ სტრუქტურაში ყველაზე მკაფიოდ ხანდაზმული მოსახლეობის ზრდა გამოიკვეთა. 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა 531.3 ათასიდან 690.4 ათასამდე, ანუ 159.1 ათასით (29.9 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო მისი წილი მთლიან მოსახლეობაში 14.3-დან 17.6 პროცენტამდე გაიზარდა. 0-14 წლის მოსახლეობა 702.8 ათასიდან 773.3 ათასამდე გაიზარდა, მისი წილი კი 18.9-დან 19.7 პროცენტამდე. 15-64 წლის მოსახლეობა, ქვეყნის მოსახლეობის საერთო ზრდის მიუხედავად, 2 487.8 ათასიდან 2 466.7 ათასამდე, ანუ 21.1 ათასით შემცირდა, ხოლო მისი წილი 66.8-დან 62.8 პროცენტამდე შემცირდა.

2015–2024 წლებში დაფიქსირდა დადებითი კუმულაციური მიგრაციული სალდო, რამაც +212.7 ათასი შეადგინა. 2015–2019 წლებში მიგრაციული ნაკადები შედარებით სტაბილური იყო: იმიგრანტების რიცხოვნობა 84.3-დან 94.1 ათასამდე, ხოლო ემიგრანტებისა 75.7-დან 90.8 ათასამდე მერყეობდა. შესაბამისად, მიგრაციული სალდო შედარებით დაბალი და სტაბილურად დადებითი იყო (+1.1-დან +8.6 ათასამდე). 2020–2021 წლებში ნაკადების მოცულობა მკვეთრად შეიცვალა. 2020 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 58.0 ათასამდე შემცირდა, რის შედეგადაც მიგრაციულმა სალდომ +19.1 ათასი შეადგინა. 2021 წელს კი, საანგარიშო პერიოდში უპრეცედენტოდ, დაფიქსირდა უარყოფითი მიგრაციული სალდო (−11.0 ათასი). 2022–2024 წლებში აღინიშნა მიგრაციული აქტივობის მკვეთრი ზრდა და მაღალი დადებითი მიგრაციული სალდო. 2022 წელს იმიგრანტების რიცხოვნობამ 200.2 ათასს მიაღწია, ხოლო მიგრაციულმა სალდომ საანგარიშო პერიოდის მაქსიმუმი, +89.0 ათასი შეადგინა. 2023 და 2024 წლებში მიგრაციული სალდო, შესაბამისად, +54.8 და +40.0 ათასი იყო. ჯამში, 2022–2024 წლებზე მოდის 2015–2024 წლების კუმულაციური დადებითი მიგრაციული სალდოს დაახლოებით 86 პროცენტი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) 2015–2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მონაცემები გადაიანგარიშა. გადაანგარიშების საჭიროება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებმა განაპირობა. მისი მიზანია ისტორიული მწკრივის ჰარმონიზაცია აღწერით მიღებულ მონაცემებთან.

ipn.ge