„ეუთო/ოდირის ეს დასკვნა არის ყველაზე მძიმე ბოლო წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ რადიოგადაცემაში „360 გრადუსი“ ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დასკვნაში მოყვანილი დარღვევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის პროტესტი არგუმენტირებულია და კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარება შეიძლება იყოს.
„ძალიან საინტერესო მომენტია ის, რომ თვითონ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეუთო/ოდირის მანდატი არ ითვალისწინებს არჩევნების აღიარებას, ლეგიტიმაციას და ა.შ. ეს კომისია, რომელიც არჩევნებს აკვირდება და მე ვიტყოდი, ყველა პარამეტრის მიხედვით აფასებს, უბრალოდ დებს ანგარიშს რა დონის დარღვევები იყო, იყო თუ არა კონკურენტუნარიანი გარემო და ა.შ.
მე რაც გადავხედე, ეს დასკვნა არი ყველაზე მძიმე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დადებულა. ეს დოკუმენტი ხელისუფლებამ შეიძლება წაიკითხოს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და მოსახლეობამ შეიძლება წაიკითხოს ზუსტად ისე, როგორც ფიქრობს. ჩემი აზრით, ყველაზე სერიოზული არგუმენტი მაინც არის დარღვევები, რომელიც ეუთო/ოდირს მითითებული აქვს. თუნდაც, ფარულობის თემა, რომელიც ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია, იმის მაჩვენებელია, რომ უკვე 22-ე დღეა ჩვენი მოსახლეობა, ახალგაზრდები და უკვე ყველა ჩართულია ამაში, არგუმენტირებულად ითხოვს, თავისუფალ და გამჭვირვალე ახალ არჩევნებს, რომელიც ჩემი აზრით, ერთადერთი გზაა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად.
ეს არის უმძიმესი მდგომარეობა და გამოწვევა, რომელიც ბოლო 34 წელია ჩვენ არ გვქონია. იყო სამოქალაქო ომი და უამრავი მძიმე ისტორიული პერიპეტია, მაგრამ ეს არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც წყდება საქართველო ევროპისკენ მიდის თუ ხდება რუსეთის გავლენის ნაწილი“, - აღნიშნა ზვიად ჭუმბურიძემ.
წყარო: bpn.ge