26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის ისტორიაში ეს იქნება პირველი არჩევნები რომელიც სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. მომავალ პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელია არჩევნებში მონაწილე პარტიებმა გადალახონ 5%-იანი ბარიერი. პარლამენტში სულ 150 დეპუტატია, მათ 4 წლის ვადით აირჩევენ. წელს ამომრჩევლების უმრავლესობა, 90% ხმას ელექტრონულად მისცემს.

არჩევნების წინ, სამმა ტელეკომპანიამ სამი სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.

ბრიტანულმა კომპანია SAVANTA-მ ტელეკომპანია მთავარი არხისთვის, მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით, საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა.

კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები, მათი ინფორმაციით ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 35%

კოალიცია ცვლილებისთვის - 19%

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16%

ძლიერი საქართველო - 9%

გახარია - საქართველოსთვის - 8%

გირჩი - 3%

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3%

საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 2%

სხვა - 5%

„მთავარის“ ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1520 ადამიანი.

კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,51%-ს, 95%-იანი სანდოობით, ხოლო იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 19%-ს, შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 81%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე შუალედში.

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა და კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 34%

ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 18%

კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 14%

გახარია - საქართველოსთვის - 11%

ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10%

ლეიბორისტული პარტია - 5%

გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%

პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%

სხვა პარტიები - 1%

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით.

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 1-18 ოქტომბრის შუალედში.

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, გორბის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 60.2%

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა - 15.4%

კოალიცია ცვლილებებისთვის  - 9.0%

კოალიცია ძლიერი საქართველო - 3.3 %

გახარია საქართველოსთვის - 2.9%

გირჩი - 2.8%

ლეიბორისტული პარტია - 2.0%

პატრიოტთა ალიანსი-ალტ ინფო - 1.9 %

სხვა პარტიები - 2.5 %

ტელეკომპანია იმედის ცნობით, გორბმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. ტელეკომპანიის ცნობით, გამოიკითხა 1704 ადამიანი და ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში.