2023 წელს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელმა 16.4% შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის საუკეთესო მაჩვენებელია.

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის შეფასებით, ამ პერიოდში უმუშევრობის მაჩვენებლის გაუმჯობესება განპირობებულია როგორც დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესებით, ასევე სამუშაო ძალის შემცირებით.

კერძოდ, 2023 წელს დასაქმებული იყო 1,33 მილიონი კაცი, რაც 2014 წლის მაჩვენებელს 6%-ით (79.6 ათასი კაცით მეტი) აღემატება. სამუშაო ძალის მოცულობა 2023 წელს იყო 1.596 მილიონი კაცი, რაც 2014 წელთან შედარებით 2%-ით (32.7 ათასი კაცით ნაკლები) არის შემცირებული.

დასაქმების მხრივ ხელისუფლების მიერ ამოქმედებული სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა უდიდეს როლს თამაშობს.

ეკონომისტ აკაკი ცომაიას თქმით, ქვეყანაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობრივი ზრდა დოვლათს ვერ შექმნის, რადგან ეს დასაქმება ბუტაფორიაა და სოციალური შემწეობის სახე აქვს.

„სასაფლაოების მომვლელად არის დანიშნული, ალბათ, ერთ ერთეულზე ორი-სამი კაცი. რამდენად ეკონომიკური დოვლათის მომტანი უნდა იყოს ეს ფაქტი? არაფერი დამატებითი ღირებულება არ იქმნება. ეს უბრალოდ სოციალური პროექტია.

დასაქმებული კი არაა ეს ხალხი, არამედ დამატებით გაეზარდათ სოციალური შემწეობა. იმ მოჩვენებით, რომ თითქოს დასაქმებულები არიან.

სამუშაო ძალის მაჩვენებელი არის შემცირებული იმიტომ, რომ მაღალი მიგრაციაა და მეორე, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ძალიან მაღალია. ორივე ერთად სამუშაო ძალის მაჩვენებელს ამცირებს, რაც უმუშევრობის დონეს ქვემოთ წევს“,- ამბობს ცომაია.

ცნობისთვის, სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, 2022 წლიდან ამოქმედდა. პროექტის მიხედვით, სოციალურად დაუცველ პირებს რომლებიც მოახდენენ მათი დასაქმების ფორმალიზებას ან/და დასაქმდებიან პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უწყებებში სპეციალურად მათთვის გამოცხადებულ ვაკანსიებზე 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ საარსებო შემწეობის მიღების უფლება. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საზოგადოებრივ სამუშაოზე ჩართვის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა 39 999 სოციალურად დაუცველ პირთან, საიდანაც წლის ბოლოს აქტიური იყო 32,921 ხელშეკრულება.

ქრისტინა კვაჭანტირაძე