9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცხინვალის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის პარტია „ნიხასი“ გამოაცხადა, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულნი არიან, რომ გამარჯვება ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის „ერთიანი ოსეთის“ პარტიამ მოიპოვა. საეჭვო შედეგებით დასრულებულ დე ფაქტო არჩევნებს მთავარი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ბოიკოტი მოჰყვა, რაც შესაძლოა, უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს. მიმდინარე კვირაში მომხდარმა, ერთი შეხედვით, არაპოლიტიკურმა მოვლენებმა, შეიძლება ეს როლი ითამაშოს.

„არჩევნების“ შემდეგ დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისს ცხინვალის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევა დაერთო თან. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ამ ორ მოვლენას შორის კავშირს არავინ ადასტურებს, მასში მონაწილე ფიგურანტების ვინაობა ამ კავშირს სარწმუნოს ხდის.

ცხინვალში 14 ივლისს მომხდარ სისხლიან გარჩევას მანამდე მომხდარი სხვა ფაქტები და მათთან დაკავშირებული ბევრი დეტალი ახლავს, რომელიც ამ ინციდენტს ყოფით და კრიმინალურ ასპექტებს სძენს, მაგრამ სამხრეთ ოსეთის საზოგადოებას, რომელიც პოლარიზებული და პოლიტიკურად გაყოფილია, ბევრი კითხვის ნიშანი აქვს მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებებთან, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს დაპირებული მშვიდობა და სამართლიანობა ვერ მოუტანეს.

ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ავრცელებს.