"მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 კომპანიაზეა საუბარი, რომლის დასანქცირებასაც აპირებენ“, - განაცხადა „იმედის“ ეთერში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მიხაილ გალუზინთან შეხვედრის შეფასებისას.

მისი თქმით, პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე.

"7 კომპანია არის დასანქცირებული რუსეთის მიერ. მე კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, თუ რასთან იყო დაკავშირებული ის შემზღუდველი ზომები, რომელიც მათ შემოიღეს 9 ოქტომბერს. პასუხად მივიღე მისგან 3 რამ - პირველი, დაკავშირებულია ხარისხთან, მეორე - ითქვა, რომ ეს კომპანიები თითქოს აფინანსებენ უკრაინელების სასარგებლოდ ომს, და მესამე - არიან დაკავებულები ანტირუსული კამპანიით.

რაც შეეხება ხარისხს, მე, რა თქმა უნდა, ავუხსენი ბატონ გალუზინს, რომ ქართული ღვინო სარგებლობს მაღალი რეპუტაციით, არის მაღალხარისხიანი, გააჩნია არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია. აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ბრალდება, თითქოს ქართული ღვინო არის დაბალხარისხიანი. რაც შეეხება უკრაინის დაფინანსებას და ანტირუსულ ნარატივს, ეს არის აბსოლუტურად არარელევანტური, არ შეესაბამება სინამდვილეს, მსგავსი არაფერი არ ხდება.

მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 კომპანიაზეა საუბარი, რომლის დასანქცირებასაც აპირებენ. მე ვიყავი გაოცებული ამ სიახლით, რადგან არაფერი მსგავსი არ ხდება", - განმარტა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს მინსკში გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა.