რუსეთმა საქართველოში 592 000 ტონა ნედლი ნავთობი შეიტანა, თუმცა სექტემბრიდან მიწოდება შეწყვიტა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „Коммерсантъ“ Argus-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, რუსეთიდან საქართველოში ნავთობის მიწოდება სექტემბრიდან შეწყდა და მისი განახლება მოსალოდნელი არ არის. ამის მიზეზი საქართველოში მოქმედი ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, ყულევში მდებარე Black Sea Petroleum-ის (BSP) გადაწყვეტილებაა, უარი თქვას რუსული წარმოშობის ნედლეულის გადამუშავებაზე.

კომპანიამ რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება ევროკავშირის სანქციების შესაძლო საფრთხეს დაუკავშირა. BSP-ის განცხადებით, რუსული ნედლეულის გამოყენებაზე უარის თქმა აუცილებელი იყო ევროპულ ბაზრებზე გასასვლელად.

კომპანიამ ჯერ კიდევ ივლისში დააანონსა, რომ აგვისტო-სექტემბრიდან საწარმოში მხოლოდ არარუსული წარმოშობის ნავთობს გადაამუშავებდა. ალტერნატიულ მომწოდებლებად კი თურქმენეთი, ყაზახეთი და ლიბია განიხილებოდა.

რუსულ ნედლეულზე უარის თქმის პარალელურად, ყულევი ქარხანამ ლიბიური ნავთობის მიღება დაიწყო.