ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ აღნიშნული პოზიციის ახსნას გააგრძელებს, გადაწყვეტილება კი საქართველომ უნდა მიიღოს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. ჩვენ ამის ახსნას გავაგრძელებთ და ისინი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მილერმა არ გააკეთა კომენტარი შესაძლო ზომებზე.

„სანქციების თაობაზე რაიმე განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ან რის გაკეთებას განვიხილავთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

მეთიუ მილერმა ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება ის, რომ აშშ-ის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ჰქონდეს, მაგრამ არა საქართველოსა და რუსეთს.

მისი თქმით, "განსხვავება ამ კანონების ბუნებაში მდგომარეობს".

"თუ შეხედავთ აშშ-ის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს, დაინახავთ, რომ ის ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს, ვინც ჰუმანიტარულ საქმიანობას ასრულებს, ვინც სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას ეწევა. სრულიად განსხვავებული რამ არის“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მისი თქმით, წარსულშიც უნახავს ცრუ შედარებები.

„წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს, თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.


ipn.ge