ეყოლება თუ არა "ქართულ ოცნებას" ევროპის საბჭოში დელეგაცია - საკითხი ხვალ სტრასბურგში გადაწყდება. საფრანგეთში საპარლამენტო ასამბლეის სხდომაა ჩანიშნული.
რადგან საქართველოს მმართველ ძალას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეის მიღებული რეზოლუციის მოთხოვნა არ შეუსრულებია, არის მოლოდინი, რომ "ოცნების" დელეგაციას უფლებამოსილებას გაუუქმებენ. საბჭო ოლიგარქის პარტიას აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას სთხოვდა.
პოლიტოლოგები ამბობენ, რომ თუ მოლოდინი გამართლდა, ეს ისტორიული სირცხვილი იქნება. სპეციალისტები საქართველოსთან არც უვიზო მიმოსვლის გადახედვას გამორიცხავენ.
"ისტორიული ტრაგედიაა საქართველოსთვის, იმიტომ, რომ საქართველომ, პირველი, ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ამ სივრცის ნაწილი ყოფილიყო და წლიდან წლამდე მხოლოდ პროგრესი ფიქსირდებოდა და სამაგალითო ქვეყანა იყო. ახლა აღოჩნდა, რომ კითხვის ნიშნის ქვეს დგება, საქართველოს შეიძლება თუ არა იქ ჰყავდეს დელეგაცია. ამავდროულად, ეს, რა თქმა უნდა, მძიმე დარტყმაა საქართველოზე, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ფუნდამენტურად აღარ არის დემოკატიული სახელმწიფო. სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე რამდენიმე რეკომენდაცია წევრი ქვეყნებისგან ნაწილობრივ გაცემულია, ამიტომ დიდი ალბათობით, ესეც იქნება მოხსენების ნაწილი. ვვარაუდობ, რომ რეჟიმის მიმართ სანქციების გამკაცრებაზე იქნება საუბარი," - ამბობს ნინო კალანდაძე.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ევროსაბჭო გაცილებით მძიმე რეზოლუციას მიიღებს.
"დღეს უკვე საუბარია ახალი პოლიტპატიმრების გაჩენაზე, არათუ არსეულის გათავისუფლებაზე, პოლიტიკური პარტიების გაუქმებაზე, საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც არის ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი, ცხადია, რომ არავინ აღიარებს ქართულ დელეგაციას და მეტიც, მე ვფიქრობ, ამ სესიაზე გაცილებით უფრო მძიმე რეზოლუციას მიიღებს ევროსაბჭო. ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირში ძალიან ხმამაღლა დაიწყეს საუბარი უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე," - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.
წყარო: tvpirveli.ge