ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკომისარი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ზე წერს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო „აგენტების კანონსაც“.

ვერა იუროვა აღნიშნავს, რომ „ყურადღების გამახვილება სანქციებზე, იარლიყებსა და სუბიექტების საქმიანობის შეზღუდვაზე ევროკავშირის მიდგომებთან წინააღმდეგობაში მოდის“. მისი სიტყვებით, უმჯობესია საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის გამოცდილებით იხელმძღვანელოს.