ნაკრების თამაშის ბილეთებზე განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ მოთხოვნა გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე დასასწრები ადგილების რაოდენობა. ეს ბუნებრივია, რადგან ამ თამაშით შეგვიძლია ისტორია დავწეროთ. თუმცა აქაც დავუშვით შეცდომა. მთავარი შეცდომა ისაა, რომ შეუძლებელია ბილეთი გაიყიდოს ერთ ფასად როგორც მაღალი, ისე დაბალი მოთხოვნის პირობებში. მთავარი პრობლემა არის ფასი. რაც არ უნდა გაბრაზდეთ სწორედ ფასი განსაზღვრავს იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის თამაში. 

შეუძლებელია როგორც დაბალი, ისე მაღალი მოთხოვნის დროს ბილეთი იყიდებოდეს ერთ ფასად. ასე მაგალითად, თუ თქვენ მხოლოდ 1 კილო კარტოფილი გაქვთ გასაყიდი, ხოლო მოთხოვნა თქვენ კარტოფილზე მაღალია, ფასს იქამდე გაზრდით, სანამ არ ბაზარზე არ დარჩება ერთი მყიდველი, რომლისთვისაც თქვენი კარტოფილი ყველაზე ღირებულია. ბილეთების ფასები უნდა ყოფილიყო გაცილებით მაღალი ვიდრე ახლა შემოგვთავაზეს, ეს მოთხოვნას შეამცირებდა და მხოლოდ ისინი ვიყიდიდით ამ პროდუქტს, რომლებისთვისაც ეს თამაში ყველაზე ღირებულია და მაქსიმალურის გადამხდელები ვართ.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაძლებელია, რომ ბილეთები გაიყიდოს აუქციონის სახით, სადაც ჩვენ მოქალაქეები ვივაჭრებთ ერთმანეთში, ხოლო ყველაზე ოპტიმალური ფასის გადამხდელი მიიღებს ამა თუ იმ ბილეთს. აუქციონის მთელი ხიბლი იმაშია, რომ მოთხოვნის შესაბამისად მისი ფასი შეიცვლება. თუ მაგალითად, მოთხოვნა მაღალია, ფასიც გაიზრდება, ხოლო თუ დაბალია - შემცირდება.


ავტორი: ნოდარ სირბილაძე