"სვანეთში წელს კარგი თოვლი მოვიდა. ტურისტების ნაკადი გააქტიურდა 22 დეკემბრიდან და ეს აქტივობა 12 იანვრამდე გაგრძელდა. თუმცა ამ ეტაპზე სასტუმროს დატვირთულობა 10%-იც არ არის. აქტიურ პერიოდში კი დაახლოებით, 80%-იანი დატვირთულობით ვიმუშავეთ, - ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო Chalet Mestia-ს მფლობელმა ივერი ჭელიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში დამსვენებლების 80% ადგილობრივები იყვნენ, ხოლო დანარჩენი საქართველოში მცხოვრები რუსები.

"გზა არ ჩაკეტილა, არ ყოფილა შეფერხება და ზამთრის სეზონისთვის იდეალური პირობებია. რაც შეეხება წინასწარ ჯავშნებს - დაახლოებით, 22 იანვრიდან არის ჯავშნები როგორც ქართველების, ისე უცხოელების მხრიდან. იანვარში ბევრმა გაგვიუქმა ჯავშნები და არ ვიცით, არსებული ჯავშნები შენარჩუნდება თუ არა. ძირითადი მოთხოვნა ბაკურიანზეა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ დედაქალაქთან ახლოს არის, თორემ ფასები ჩვენთან უფრო დაბალია", - აცხადებს ივერი ჭელიძე.

სასტუმროს მფლობელი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სვანეთის პოპულარიზაცია, სხვა ზამთრის კურორტებთან შედარებით, ნაკლებად ხდება.

რაც შეეხება მოლოდინებს - როგორც ივერი ჭელიძე აცხადებს, სასტუმრო უკეთეს მაჩვენებლებს ელოდება და აღნიშნავს, რომ ტურისტული კომპანიები უფრო მეტად ზაფხულში მუშაობენ.

ცნობისთვის, სასტუმრო Chalet Mestia სვანეთში, დაბა მესტიაში 5 წლის წინ დაფუძნდა.  სასტუმრო 15 ნომერს და რესტორანს მოიცავს.

bp.ge