კოტეჯების Eagle's Nest-ის დამფუძნებელი ჯონი შავაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კურორტ გოდერძიზე დამსვენებელთა რაოდენობა წელს შარშანდელთან შედარებით 70-80%-ით გაზრდილია. მისი თქმით, დამსვენებლებს წელს უკეთესი საგზაო ინფრასტრუქტურა დახვდათ, რამაც მათი რაოდენობის ზრდა გამოიწვია. კურორტის მიმართ გაზრდილ ინტერესსა და მოთხოვნას ჯონი შავაძე კიდევ ერთი მიზეზით, დაბალი ფასით ხსნის.
,,სავარაუდოდ, გასამმაგებულია ტურისტი გოდერძიზე. დაახლოებით 70-80%-ით გაზრდილია. მიზეზი არის თოვლი და გარემო, გზაც შედარებით გაკეთდა. გზას ცოტა უჭირს. ბათუმამდე რამდენიმე კილომეტრი დარჩა გასაკეთებელი. ალბათ, მეტი ტურისტი დაემატება, როცა სრულად მოწესრიგდება გზა. ტურისტები უცხოელებიც არიან, მაგრამ უფრო მეტი ქართველია. გოდერძიზე ფასები საუკეთესოა. თხილამურის ქირაობა მთელი დღის განმავლობაში ადამიანს 30-40-50 ლარის ფარგლებში შეუძლია. საბაგირო გზაც ასევე ნაკლები ღირს. 40 ლარია დღიური. თოვლიც საუკეთესოა წელს გოდერძიზე. სასტუმროებიც და ინფრასტრუქტურაც ერთ-ერთი მიზეზია. წელს დაემატა, რამდენიმე სასტუმრო გაიხსნა. შეიძლება ამანაც მოიზიდა სტუმრები. ფასები დაბალია.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში ჯონი შავაძე.
წელს კურორტს დამსვენებლების გაზრდილ რაოდენობას ელოდნენ, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. კოტეჯების Eagle's Nest-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ადგილობრივმა ბიზნესებმა და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებმა გაზრდილ მოთხოვნას სათანადოდ უპასუხეს. მისივე თქმით, კურორტზე წელს პარკირების პრობლემა შეიქმნა, რადგან არსებული სივრცეები დამსვენებელთა გაზრდილ რაოდენობას ვერ პასუხობს.
,,მოლოდინი იყო, ველოდებოდით სტუმრებს, მაგრამ ამ დონის არ გვეგონა წელს. რაც მთავარია ყველა კმაყოფილია. შარშანაც იყვნენ ჩამოსულები ქართველი დამსვენებლები, რომლებიც ბაკურიანში და გუდაურში დადიოდნენ. აქაურმა თოვლმა და გარემომ მოიზიდა ისინი. არავინ არ ელოდა წელს ამდენ დამსვენებელს. ყველაზე მთავარია ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს. საჭიროა პარკინგების დამატება. ეს აუცილებელია პირველ რიგში, რომ ტევადობა იყოს. გაუჭირდათ ძალიან მანქანების გაჩერება. გასაკეთებელია საპარკინგე სივრცეები. კეთდება და წელს ვერ მოესწრო.’’- აცხადებს ჯონი შავაძე.
კურორტზე დამსვენებლების გაზრდილი რაოდენობა ფიქსირდება სამუშაო დღეებშიც. შარშანდელთან შედარებით, ტურისტები გოდერძის მხოლოდ შაბათ-კვირას აღარ სტუმრობენ.
,,ახალი წლის დღეებში დატვირთვა უფრო მაღალი იყო, მაგრამ დღესაც არის ხალხი. შარშან მხოლოდ შაბათ-კვირას იყო დამსვენებელი. წელს თითქოს აღარ არის განსხვავება. სხვა დღეებშიც არიან სტუმრები. წელს სამუშაო დღეებში იმაზე მეტი ადამიანია, ვიდრე შაბათ-კვირას იყო.’’- აცხადებს ჯონი შავაძე.