„თუ გაქვთ ჭარბი ან  გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენა, ან მუცლის გარშემოწერილობის ზრდა და სიმძიმის შეგრძნება მცირე მენჯის არეში, ხშირი შარდვა,  მუცლის შებერილობა, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. სისხლდენის გამოწვეული ანემია( დაბალი ჰემოგლობინის დონე),  საკმაოდ ყურადსაღებია.“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“  საუბრობს მეან-გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი ნინო მერებაშვილი. მისი თქმით, საშვილოსნოს მიომის განვითარების დადასტურებული მიზეზი გენეტიკური წინასწარ განწყობაა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა D-ვიტამინის დეფიციტის  როლი მიომის განვითარების პროცესში.

„კომერსანტი“ ნინო მერებაშვილს საშვილოსნოს მიომის სიმპტომებზე, რისკებსა და მკურნალობის მეთოდებზე ესაუბრა.

როგორია საშვილოსნოს მიომით მომართვიანობის სტატისტიკა?

ნინო მერებაშვილი, მეან-გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, ენდო-ვიდეოქირურგი: 22 წელია რაც ამ დარგში ვმუშაობ. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, ბოლო წლებში, საქართველოში მიომით მომართვიანობა მატულობს, რასაც უკეთეს ჯანდაცვის სერვისს მივაკუთვნებდი. ბოლო წლებში უფრო ხშირად მიმართავენ ქალბატონები გინეკოლოგს პროფილაქტიკური გასინჯვების მიზნით, იკეთებენ ულტრაბგერით კვლევებს. შემდეგ დინამიკური დაკვირვების ქვეშ არიან და 6 თვეში ერთხელ კვლევას იტარებენ.

რა არის საშვილოსნოს მიომა და როგორ ხდება მისი კლასიფიკაცია?

საშვილოსნოს მიომა საშვილოსნოს კეთილთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეა. ეს დაავადება ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალებს აზიანებს. 30-40წლამდე ასაკის ქალებში  სხვადასხვა ქვეყნების მონაცემებით 20-30% შემთხვევაში გვხვდება. მენოპაუზალურ ასაკში მიომა როგორც წესი რეგრესს განიცდის, თუმცა მისი დინამიკური დაკვირვება მაინც აუცილებელი, რათა გამოირიცხოს მიომის ზრდა.

საშვილოსნოს მიომის კლასიფიკაცია მისი მდებარეობის მიხედვით ხდება: FIGO-ს კლასიფიკაციით არსებობს საშვილოსნოს  სუბმუკოზური (ტიპი 0,1,2), ინტრამურალური (ტიპი 3,4,5) და სუბსეროზული (ტიპი 6,7) და სხვა ლოკალიზაციის მიომები (ტიპი 8).

რა სიმპტომები ახასიათებს საშვილოსნოს მიომას?

მიომა სიმპტომების მიხედვით შეიძლება დაიყოს 2 ნაწილად: ასიმპტომური, როდესაც არანაირი სიმპტომი/ჩივილები არ აქვს პაციენტს და სიმპტომური. სიმპტომებს რაც შეეხება, ყველაზე ხშირი სიმპტომია ჭარბი ან გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენა. ასევე შესაძლოა იყოს ტკივილი მენსტრუაციის დროს, სიმძიმისა და ზეწოლის შეგრძნება მცირე მენჯის არეში, ხშირი შარდვა, მუცლის შებერილობა და ყაბზობა. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ქალს ჰქონდეს მიომა და ვერ ინარჩუნებდეს ორსულობას.

რა არის საშვილოსნოს მიომის ძირითადი გამომწვევი მიზეზები?

გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამის დადგენაზე მსოფლიოს ბევრი მეცნიერი მუშაობს. თუმცა, შეგვიძლია თავისუფლად ვილაპარაკოთ გენეტიკურ წინასწარ განწყობაზე, ჰორმონულ დისბალანსზე და D-ვიტამინის დეფიციტზე, როგორც მიომის განვითარების რისკ-ფაქტორებზე

რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა გინეკოლოგს?

შესაძლოა არანაირი ჩივილები არ ჰქონდეს პაციენტს და გეგმური,  პროფილაქტიკური შემოწმების დროს ექიმის მიერ დადგინდეს საშვილოსნოს მიომის დიაგნოზი. გინეკოლოგს აუცილებლად უნდა მიმართონ, როცა აქვთ ჭარბი სისხლდენა და გახანგრძლივებული მენსტრუაცია, ან მუცლის გარშემოწერილობის ზრდა და სიმძიმის შეგრძნება მცირე მენჯის არეში.

რა არის საშვილოსნოს მიომის განვითარების რისკ-ფაქტორები და რა გართულებები ახასიათებს მას?

რისკ-ფაქტორებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ხოლო  გართულებებს რაც შეეხება, სისხლდენის და ჭარბი მენსტრუაციების გამო ჰემოგლობინის დონე ეცემა. რაც საკმაოდ ყურადსაღებია. როცა დიდი ზომის მიომები გვაქვს, მუცლის და მცირე მენჯის ღრუში მეზობელ ორგანოებზე ზეწოლა და მათი ფუნქციის დარღვევა გვხვდება.  სწორედ ამ სიმპტომური მიომების გამო ხდება საჭირო მიომის მკურნალობა. მკურნალობის მეთოდები არის მედიკამენტოზური და  ქირურგიული.

შესაძლებელია თუ არა საშვილოსნოს მიომის პრევენცია - რა გზით არის შესაძლებელი მისი თავიდან აცილება?

რეგულარული პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გასინჯვები დიდ როლს თამაშობს მიომის და ზოგადად ბევრი გინეკოლოგიური დაავადების დროულ დიაგნოსტიკასა და პრევენციაში. სამწუხაროდ, იმის თქმა, რომ შესაძლებელია მიომის პრევენცია და თავიდან აცილება, ძალიან რთულია. ითვლებოდა, რომ ჰორმონალური დარღვევა იყო გამომწვევი მიზეზი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამის გარეშეც ჩნდება მიომა. უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, რომ ასიმპტომური მიომის დროს შეგვიძლია პაციენტს მივცეთ რეკომენდაციები, რომ გარკვეულწილად თავიდან აიცილოს მისი ზრდა. მიომის ზრდის რისკ-ფაქტორია მზის აბაზანები და სოლარიუმი, ასევე უკონტროლოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე გაურკვეველი წარმოშობის ბიოაქტიური დანამატებისა და ვიტამინების მიღება. ბოლო წლებში ბევრი კვლევა კეთდება მიომის არსებობისას D ვიტამინის დეფიციტის როლზე.

ნიუ ჰოსპიტალსშისაშვილოსნოს მიომის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

ასიმპტომური მიომის დროს ვახდენთ მხოლოდ  დინამიკურ დაკვირვებას 6-თვეში ერთხელ. როცა სიმპტომური მიომებია,  გვაქვს მედიკამენტოზური მკურნალობის რიგ შემთხვევებში და ქირურგიული მკურნალობის სრული სპექტრი: ლაპაროსკოპიული, ჰისტეროსკოპიული, ვაგინალური და ლაპაროტომიული ე.წ. ტრადიციული ქირურგია. ჩვენებების მიხედვით მიღებთ ან მხოლოდ მიომის კვანძს ან მთლიანად საშვილოსნოს.  „ნიუ ჰოსპიტალსში“ ასევე კეთდება საშვილოსნოს არტერიების ემბოლიზაცია. ამ პროცედურის დროს საშვილოსნოს არტერიები იხშობა ე.წ. ემბოლებით, რაც შემდგომ გამოიწვევს მიომური კვანძების ნეკროზს და დაპატარავებას.

რა შემთხვევაში ხდება საჭირო მიომის დროს ქირურგიული ჩარევა?

ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა ხდება მაშინ, როცა სიმპტომურია მიომა-სისხლდენები, რაც იწვევს პაციენტის ანემიზაციას, მიომის სწრაფი ზრდა და დიდი ზომის მიომა, რაც ორგანოებზე ზეწოლას იწვევს. გარდა ამისა,ოპერაცია კეთდება მაშინაც, როცა დაზუსტებით ვიცით, რომ მიომა ორსულობის შენარჩუნებას უშლის ხელს.

მიომის მედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდი თუ არსებობს?

არსებობს პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობს მიომის კვანძების ზომის შემცირებას. ამ პრეპარატების გამოყენება ხდება ძირითადად მაშინ, როცა ძალიან დიდი ზომის მიომებია და ოპერაციული მკურნალობის წინ გვსურს დავაპატარავოთ საშვილოსნოს დიდი სისხლდანაკარგის თავიდან აცილების მიზნით. გარკვეულ პაციენტებში შესაძლებელი კომბინირებული ესტროგენ-გესტაგენური, ანტიფიბრინოლიზური პრეპარატების გამოყენება მენსტრუალური სისხლდანაკარგის შემცირების მიზნით. ამავე მიზნით გამოიყენება ჰორმონშემცველი საშვილოსნოსშიდა სისტემა.

რა რეკომენდაციები გაქვთ იმ პაციენტებისთვის, ვისაც საშვილოსნოს მიომა აქვთ?

პირველ რიგში, თუ პაციენტმა იცის, რომ საშვილოსნოს მიომა აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს თავის გინეკოლოგს და წელიწადში 2-ჯერ გაიკეთოს ულტრაბგერითი კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ მენსტრუალური სისხლდენა გახდა ჭარბი, გაჩნდა სიმძიმის შეგრძნება და მუცლის გარშემოწერილობის ზრდა, გახშირებული შარდვა, შებერილობა, პაციენტი აღარ უნდა დაელოდოს 6 თვეს და აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს დაუყოვნებლივ.