,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №415-ე დადგენილებაში შეტანილი ცვლილება მშენებლობას გააძვირებს, - ასეთი პოზიცია აქვთ ,,ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში". ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გიორგობიანი ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიები და დეველოპერები მცირე მეწარმეების მომსახურებას აქტიურად იყენებენ. შესაბამისად, გაზრდილი ხარჯი მათი პროექტების ბიუჯეტის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება.

,,აღნიშნული ცვლილება, რა თქმა უნდა, აისახება სამშენებლო სექტორზე და, ბუნებრივია, გამოიწვევს მშენებლობის გაძვირებას. დღეს, მრავალი სამშენებლო კომპანია იყენებს მცირე მეწარმეების მომსახურებას სამშენებლო პროცესში (იქნება ეს მსხვილი სამშენებლო კომპანიები, დეველოპერები თუ მცირე კომპანიები). ასეთ შემთხვევაში, დამკვეთს, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო დამკვეთი, მოუწევს გაითვალისწინოს აღნიშნული გაზრდილი ხარჯი პროექტის ბიუჯეტის განსაზღვრისას.’’- აცხადებს ირაკლი გიორგობიანი.

,,ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, რომ ცვლილებები გავლენას მოახდენს მცირე მეწარმეებზეც, რომლებიც საგადასახადო უპირატესობას დაკარგავენ.

,,რეალურად, აღნიშნული ცვლილების შედეგად, მცირე მეწარმეები დაკარგავენ იმ საგადასახადო უპირატესობას, რაც მნიშვნელოვნად ცვლის და მოქმედებს სამშენებლო მომსახურების (პროექტის) ხარჯებზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლა მისი მიღებიდან საკმაოდ მოკლე, 1 თვის ვადაში ხდება და შესაბამისად, მეწარმეებს მოუწევთ უკვე მიმდინარე თუ მომავალში განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ხარჯების გადაგეგმვა.’’- განაცხადა ,,ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გიორგობიანმა.

2024 წლის 23 დეკემბერს გამოქვეყნდა ცვლილება „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №415-ე დადგენილებაში, რისი მიხედვითაც სამშენებლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები დაემატა იმ შემოსავლების ჩამონათვალს, რაზეც მცირე ბიზნესის სტატუსი და შესაბამისად შემოსავლების 1%-იანი განაკვეთით დაბეგვრა არ ვრცელდება. ცვლილება შევიდა ზემოთ ხსენებული დადგენილების დანართ №5-ში და აღნიშნულ დანართში ჩამოთვლილ შემოსავლებს დაემატა სამშენებლო მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლების შემდეგი სახეობები:

საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 006-2016-ის“ 41.2 ჯგუფით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის მომსახურების, 42-ე განყოფილებით გათვალისწინებული სამოქალაქო მშენებლობის მომსახურების ან/და 43-ე განყოფილებით გათვალისწინებული სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, თუ აღნიშნული მომსახურების მიმღებს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი.

ფიზიკური პირების მიერ სამშენებლო მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლების ზემოთ ხსენებულ სახეობებზე აღარ გავრცელდება მცირე ბიზნესის სტატუსი და აღნიშნული შემოსავლების დაბეგვრა ამ სტატუსისათვის დამახასიათებელი 1%-იანი განაკვეთით აღარ მოხდება. ამასთან, აღნიშნული სიახლე ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მომსახურების მიმღები არის საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი.