თანამედროვე კვლევების მიხედვით, მსოფლიოში ხერხემლის დეფორმაციების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა - სკოლიოზი მოზარდების 4%-ში აღინიშნება და აქედან საოპერაციო მხოლოდ 0.5-0.7% ხდება. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ ხერხემლის ქირურგი, ტრისტან ნიშნიანიძე ამბობს, ბავშვებში ხერხემლის დეფორმაციების პრევენციისთვის რეკომენდებულია აქტიური ცხოვრების წესი და სპორტი. გარდა ამისა, გენეტიკური წინასწარი განწყობის შემთხვევაში, მშობლები ფრთხილად უნდა იყვნენ და ხშირად შეამოწმებინონ სპეციალისტს ბავშვის ზურგი.

მოზარდებში ხერხემლის დეფორმაციის ტიპებზე, მიზეზებზე, რისკებზე, მკურნალობის მეთოდებსა და რეკომენდაციებზე „კომერსანტი“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ტრავმატოლოგ-ორთოპედსა და ხერხემლის ქირურგს, ტრისტან ნიშნიანიძეს ესაუბრა.

როგორია ტენდენცია - ბავშვებში მზარდია თუ არა ხერხემლის დეფორმაციის პრობლემა საქართველოსა დ მსოფლიოში და რას უკავშირებთ ამ ტენდენციას?

ტრისტან ნიშნიანიძე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ხერხემლის ქირურგი: ხერხემლის დეფორმაციები ძირითადად 2 ტიპისაა - ე.წ. სკოლიოზი, რომელიც არის ხერხემლის გამრუდება პირდაპირ პროექციაში და არსებობს ჰიპერკიფოზი, რომელიც გულისხმობს ხერხემლის გადახრას ფრონტალურ სივრცეში - წინ. სტატისტიკურად, ეპიდემიოლოგია რომ განვიხილოთ, სკოლიოზი აღინიშნება 4%-ში და არა აქვს მნიშვნელობა ქვეყანას და ეკონომიკურ მდგომარეობას. თანამედროვე კვლევებში ამ ტენდენციის მატების ან კლების არ აღინიშნება.

რა არის ბავშვებში ხერხემლის დეფორმაციების პირველი ნიშნები, რა ასაკში ხდება მისი გამოვლენა და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილს ხერხემლის პრობლემა აქვს?

სკოლიოზი ბევრი ტიპისაა. არსებობს - ნეირომუსკულარული და ე.წ. თანდაყოლილი სკოლიოზები, თუმცა, ყველაზე გავრცელებული იდიოპათიური სკოლიოზია. ეს არის ხერხემლის დეფორმაციის შემთხვევა, როცა არ ვიცით, რა არის სკოლიოზის გამომწვევი მიზეზი. ნებისმიერი მითი, რომ სკოლიოზს იწვევს მერხი, ჩანთა, სკოლა, არ არის კავშირში ხერხემლის დეფორმაციასთან.

იდიოპათიური სკოლიოზი ასაკობრივად 3 ჯგუფშია: ინფანტილური - 0-დან 3 წლამდე, იუვენილური - 3-დან 9 წლამდე და მოზარდთა - 10-დან 17 წლამდე. აქედან ყველაზე ხშირი გამოვლინება მოზარდებში - 9-10-დან 17 წლამდე ასაკშია. ეს ის ასაკობრივი ჯგუფია, როცა ახლოს ვართ გარდატეხის ასაკთან და როცა ბავშვები სიმაღლეში სწრაფად იზრდებიან. ამ პერიოდში იწყებს სკოლიოზის პირველი ნიშნები გამოჩენას.

რაც შეეხება ნიშნებს, სკოლიოზის პირველადი ნიშნები არის მხრებისა და ბეჭის ძვლების ასიმეტრია და თეძოს ფრთების არასწორი დგომა. ეს მიგანიშნებს იმაზე, რომ რაღაც კარგად არ არის და ხერხემალი სწორად არ დგას. სკოლიოზის აღმოსაჩენად არსებობს გასინჯვის მეთოდი - „ადამსის ტესტი“, რომლის დროსაც პაციენტი უნდა გადაიხაროს წინ, რის შემდეგაც ვათვალიერებთ მოზარდის ზურგს, ვნახულობთ ხერხემალი სწორია თუ  მრუდდება. ამასთანავე, პაციენტების დაახლოებით 90%-ში აღინიშნება მარჯვენა მხრივი ნეკნების ამოზნექა ანუ მცირე ზომის ნეკნოვანი კუზი. ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ  ლაპარაკი გვაქვს სკოლიოზზე და ასეთი პაციენტი უნდა გადამისამართდეს ექიმ-სპეციალისტთან და იქიდან გამომდინარე უნდა მოხდეს მისი მკურნალობა.

ხერხემლის დეფორმაციის ადრეული გამოვლენა - თუ არის შესაძლებელი?

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებით შეგვიძლია ადრეულ ეტაპზე მივიტანოთ ეჭვი სკოლიოზზე და შემდეგ დაადასტუროთ ეს ეჭვი სქოლიომეტრით ან „ადამსის ტესტით“.

რა როლს თამაშობს ხერხემლის დეფორმაციაში მემკვიდრეობა?

მემკვიდრეობითი კავშირი ნაპოვნია დაახლოებით 15-17%-ში. თუ პირველი ხაზის წინაპრებს - ბებიებს, ბაბუებს, მშობლებს ჰქონდათ ან აქვთ სკოლიოზი, მათ შვილებს დაახლოებით 15-17%-ით გაზრდილი აქვთ იმის რისკი, რომ აღმოაჩნდეთ აღნიშნული პრობლემა.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის დეფორმაციებმა და რა რისკები არსებობს?

პირველ ეტაპზე ეს არის ვიზუალური პრობლემა. სკოლიოზი თავისი განვითარების 3 ეტაპს გადის. ეს არის მსუბუქი, საშუალო და მძიმე. 10 გრადუსამდე გადახრა ეს არის ხერხემლის ასიმეტრია და არ ითვლება დეფორმაციად; 10-დან 25 გრადუსამდე - მსუბუქი ფორმის სკოლიოზია; 25-დან 45 გრადუსამდე - საშუალო სიმძიმის და 45 გრადუსის ზევით - მძიმე ფორმის. ამიტომ, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მსუბუქ და საშუალო სიმძიმის სკოლიოზზე, ვიზუალურ დეფექტის გარდა სხვა კონკრეტული გართულებები არ არსებობს, მაგრამ 45 გრადუსის შემდეგ ხერხემალში დეგენერაციულ-დისტროფიული გადაგვარების რისკი იზრდება. თუ დეფორმაციამ გააგრძელა განვითარება და 70 და 90 გრადუსზე ავიდა, უკვე გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის გართულებები და წელის ძლიერი ტკივილები მოდის.

ხერხემლის დეფორმაციის მკურნალობის რა თანამედროვე მეთოდები არსებობს მედიცინაში და კონკრეტულად  „ნიუ ჰოსპიტალსში“?

მეთოდები არის უნივერსალური და საერთაშორისო - 10 გრადუსამდე არანაირი მკურნალობა არ არის საჭირო, 10-დან 25 გრადუსამდე ბავშვებს სამკურნალო ფიზკულტურას, ცურვასა და მასაჟს ვურჩევთ. მთავარი არის ის, რომ 6 თვეში ერთხელ მოხდეს რენტგენოლოგიური დაკვირვება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ხომ არ მატულობს დეფორმაცია. თუ 25 გრადუსამდე მივიდა ხერხემლის დეფორმაცია და ბავშვი კვლავ მოზარდია, 10-11 წლისაა და გარდატეხის პერიოდშია, მაშინ ყველა ვარიანტში ინიშნება კორსეტი, რომლის ეფექტურობა 70%-ია. 25-დან 45 გრადუსამდე გადახრისას იმედი გვაქვს, რომ კორსეტი გააჩერებს დეფორმაციის მატებას. აქ მნიშვნელოვანია, რომ კორსეტი იყოს ინდივიდუალური და ამ კორსეტით ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დეფორმაცია გავაჩეროთ და ასეც ხდება 70%-ში. მაგრამ არის აგრესიული ფორმები, როცა სკოლიოზი განაგრძობს განვითარებას, აღწევს 45 გრადუსს, რაც უკვე ოპერაციული ჩარევის ჩვენებაა.

ოპერაციული მკურნალობის დროს ხდება ხერხემლის კორექცია, გასწორება და ფიქსაცია ხერხემალში სპეციალური იმპლანტების, ჭანჭიკების და ღეროების ჩაყენებით.

ამ გზით ხერხემლის გასწორების შემდეგ, პაციენტი მთელი ცხოვრების განმავლობაში აღარ განიცდის დეფორმაციის მატებას.

რა შემთხვევებში შეიძლება დაინიშნოს ქირურგიული მკურნალობა, როდის და რა ასაკშია ის მიზანშეწონილი?

ჩვენება როგორც გითხარით ხერხემლის 45-გრადუსიანი გადახრაა. ასაკი გადახრის ამ გრადუსს ძირითადად 12-13-14 წლის ასაკში აღწევს და ეს არის ყველაზე კარგი პერიოდი იმიტომ, რომ ხერხემალი ამ დროს ელასტიკურია, ადვილად ექვემდებარება ჩატარებულ ოპერაციას და იდეალურად სწორდება. თუმცა, ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს და ოპერაცია შეიძლება გააკეთო 30-35 წლის ასაკშიც. უბრალოდ, ამ პერიოდში ხერხემალი უფრო მყარია და, კორექციის თვალსაზრისით, შეიძლება ისეთი მაღალი დონის შედეგი ვერ იყოს მიღწეული, როგორც დაბალ ასაკში. ამიტომ, როცა 45 გრადუსი და მეტი გახდება ხერხემლის დეფორმაცია, უნდა გაკეთდეს ოპერაცია და არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. თავის დროზე გაკეთებულ ოპერაცია გვაძლევს იმის შანსს, რომ ხერხემალი 100%-ით იდეალურად გასწორდება და რაც უფრო შორს მიდის დეფორმაცია, შემდეგ სასურველი შედეგის მიღწევა უფრო რთულდება.

რამდენად რთულია ეს ოპერაცია, რამდენ ხანს გრძელდება პოსტოპერაციული პერიოდი და  როდის უბრუნდება პაციენტი ნორმალურ ყოფას?

ეს ოპერაცია ერთ-ერთი რთული ოპერაციების რიცხვს მიეკუთვნება. იმისთვის, რომ ნევროლოგიური გართულებები ავიცილოთ თავიდან, ოპერაცია ხორციელდება ნეირომონიტორინგის საშუალებით, ანუ ოპერაციის მსვლელობისას, დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ამ აპარატის საშუალებით ზურგის ტვინს და ნერვებს ვაკონტროლებთ. თვითონ ოპერაციის აქტიური ფაზა გრძელდება 4-5 საათს და ოპერაციის შემდგომ პაციენტის გააქტიურება მეორე დღეს ხდება, მეხუთე დღეს წერენ კლინიკიდან და 3 კვირაში ჩვეულებრივ ყოფა-ცხოვრებას უბრუნდება.

რა რჩევები და რეკომენდაციები გაქვთ - ხერხემლის დეფორმაციების პრევენციისთვის?

რჩევები და რეკომენდაციები მაქვს ერთი - აქტიური ცხოვრების წესი, ბავშვები დაკავდნენ სპორტით, თუ აქვთ გენეტიკური წინასწარი განწყობა, მშობლები იყვნენ ფრთხილად, ხშირად შეამოწმონ ზურგი და თუ მიიტანენ დეფორმაციაზე ეჭვს, აუცილებლად მიმართონ ექიმს. ის ბავშვები, რომლებიც სკოლიოზის გამო მკურნალობენ, აუცილებლად უნდა გადაამოწმონ მდგომარეობა 6 თვეში ერთხელ რენტგენოლოგიურად.

უნდა გახსოვდეთ, არაფერი საშიში არ არის. ეს დაავადება არის მოზარდების მხოლოდ 4%-ში, არ აღენიშნება 70-80%-ა და, შესაბამისად, აქედან საოპერაციო ხდება 0.5-0.7%. ამიტომ, ყველა იყოს მშვიდად. თუ მაინც და მაინც არ გაუმართლა ბავშვს და ხერხემლის დეფორმაცია დაიწყო, გამოსავალი არსებობს. ამიტომ. ძვირფასი დრო არ უნდა დაკარგოთ და უნდა მიმართოთ პროფესიონალს სწორდი დიაგნოზისა და მკურნალობისთვის.