2020 წელს ასტრონომებმა WD 1856+534 b დააფიქსირეს — გაზის გიგანტი პლანეტა, რომელიც ჩვენგან 81 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. ამ ეგზოპლანეტას იუპიტერზე დაახლოებით ექვსჯერ მეტი მასა აქვს (სუპერ-იუპიტერი) და ჩვენ მიერ აღმოჩენილი პირველი ეგზოპლანეტაა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო.
ახალ კვლევაში, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შუა ინფრაწითელი ინსტრუმენტით (MIRI) ამ პლანეტაზე ჩატარებული დაკვირვებები აღწერა. დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ WD 1856+534 b ყველაზე ცივი ეგზოპლანეტაა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
კვლევას მიჩიგანის უნივერსიტეტის ასტრონომი მერი ენ ლიმბახი ხელმძღვანელობდა.
დაკვირვებები ჯეიმს ვების ზოგადი დაკვირვებების მე-3 ციკლის პროგრამის ნაწილი იყო, რომლის მიზანიც ვების დახვეწილი ინფრაწითელი ოპტიკითა და სპექტრომეტრებით პლანეტების პირდაპირი დახასიათებაა.
ჯეიმს ვების მისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ესაა — ეგზოპლანეტების დახასიათება პირდაპირი ვიზუალიზაციის მეთოდით. ამისათვის, ტელესკოპი აკვირდება ეგზოპლანეტის ზედაპირიდან ან ატმოსფეროდან არეკლილ სინათლეს და სწავლობს სპექტრომეტრებით, რათა გაარკვიოს ქიმიური შემადგენლობა.
ამ გზით ასტრონომებს შეუძლიათ დაადგინონ, არის თუ არა პლანეტაზე პოტენციური ბიოხელწერები (ჟანგბადი, აზოტი, მეთანი, წყალი და ა. შ.) და გაარკვიონ დეტალები პლანეტის წარმოქმნისა და შემადგენლობის შესახებ.
ჯეიმს ვების მსგავსი მძლავრი ტელესკოპების გამოყენებამ მეცნიერებს შეიძლება საბოლოოდ აპოვნინოს მზის სისტემის მიღმა სიცოცხლის არსებობის პირველი დამაჯერებელი მტკიცებულება.
პლანეტების ემისიის სპექტრს შეუძლია ასევე გამოავლინოს დეტალები პლანეტის შემადგენლობისა და მიგრაციის ისტორიის შესახებ. თუმცა, როგორც ავტორები აღნიშნავენ, პირდაპირ ეგზოპლანეტიდან სინათლის დაფიქსირება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება დედავარსკვლავის ჭარბი სინათლის გამო.
შედეგად, პირდაპირი ვიზუალიზაცია ძირითადად მასიური პლანეტებით (მაგალითად, გაზის გიგანტები) შემოიფარგლება, რომელთაც ფართო ორბიტა და უკიდურესად მაღალი ატმოსფერული ტემპერატურა აქვთ. ამ მეთოდით დაკვირვება ჯერ არ ჩატარებულა ვარსკვლავთან ახლოს მოძრავ კლდოვან პლანეტებზე.
ამას გარდა, დაკვირვება არ ჩატარებულა არც 1,85 °C-ზე ცივი სპექტრული ემისიის მქონე პლანეტაზე. თეთრი ჯუჯა ვარსკვლავები უნიკალური შესაძლებლობაა ცივი პლანეტების დასაფიქსირებლად და დასახასიათებლად.
„თეთრი ჯუჯების დაბალი სიკაშკაშე მნიშვნელოვნად ამცირებს კონტრასტს, რომელიც ძლიერ უშლის ხელს პლანეტათა პირდაპირ დაფიქსირებას მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა გარშემო. თეთრი ჯუჯები მზის მსგავს ვარსკვლავთა ევოლუციური ნარჩენებია და გვაწვდიან ცნობებს ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ მისი სისტემის ბედის შესახებ“, — წერენ მკვლევრები.