„კოქსართროზის ძირითადად რისკ ჯგუფში ასაკოვანი და ჭარბწონიანი პაციენტები არიან“, -ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედ - ტრავმატოლოგმა გიორგი ჯგუშიამ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია პაციენტმა დაავადების პირველივე სიმპტომების დროს მიმართოს სპეციალისტს, რადგან ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია სპეციფიკური ვარჯიშების და მედიკამენტოზური მკურნალობის შერჩევა, რომელიც დაავადების განვითარების პროცესის შედარებით შეჩერებას დაეხმარება.
„კომერსანტი“ გიორგი ჯგუშიას კოქსართროზზე, მის სიმპტომებზე, მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირებასა და კოქსართროზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ესაუბრა.
- რა არის კოქსართროზი?
კოქსართროზი არის მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი, რომელიც ქრონიკული პროგრესირებადი პროცესია. კოქსართროზი მოიცავს ხრტილის, ძვლის სუბქონდრალური შრის, სინოვიალური მემბრანის, სასახსრე ჩანთის, პერიარტიკულარური მყესებისა და კუნთოვანი ქსოვილების დაზიანებებს. ეს არის კოქსართროზის ერთგვარი ზედაპირული დახასიათება.
- რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ ვლინდება კოქსართროზი?
კოქსართროზს ახასიათებს სპეციფიკური სიმპტომები. ის ვლინდება ტკივილით საზარდულისა და დუნდულა კუნთების მიდამოში, რომელიც ირადირებს ბარძაყისკენ, მუხლის სახსრის მიმართულებით. ამ დროს პაციენტებს უჭირთ გადაადგილება შორ დისტანციაზე, ასევე კიბეზე ასვლა და ფეხსაცმლის ჩაცმა. დაავადების სტადიების მიხედვით, ტკივილი შეიძლება იყოს დატვირთვის დროს ან მოსვენებულ მდგომარეობაშიც. კლინიკურად გამოხატულია ტკივილის გამო დამზოგველი კოჭლობა, იშვიათად კუნთების ატროფია დაზიანებულ მხარეს.
- ვინ წარმოადგენს რისკ ჯგუფს და რა კავშირი აქვს კოქსართროზსა და ჭარბ წონას?
კოქსართროზის რისკ ჯგუფები ძნელად დასახასიათებელია, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორია გენეტიკური წინასწარგანწყობა, რევმატული დაავადებები, მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია და სახსარშიდა მოტეხილობები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჭარბ წონას, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ხდება ხრტილოვანი მატრიქსის დეგენერაცია, რომელიც უფრო მეტად იმატებს ჭარბწონიან ადამიანებში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სახსრის ღერძული დატვირთვა უფრო მეტად მომატებულია და შესაბამისად ტკივილიც უფრო მეტად გამოხატული. შესაბამისად, კოქსართროზის ძირითად რისკ ჯგუფში არიან ასაკოვანი და ჭარბწონიანი პაციენტები.
- როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?
პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, როდესაც დისკომფორტი და ტკივილი იწყება საზარდულისა და დუნდულა კუნთების მიდამოში, ასევე როდესაც მტკივნეული ხდება კიბეზე ასვლა და შორ მანძილზე გადაადგილება. ექიმს უნდა მიმართოს პაციანტმა მაშინ, როდესაც მოძრაობები მენჯ-ბარძაყის სახსარში, რომლებიც მანამდე უმტკივნეულო და მარტივად შესასრულებელი იყო შედარებით მტკივნეული ხდება.
დაავადების ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია სპეციფიკური ვარჯიშების და მედიკამენტოზური მკურნალობის შერჩევა, რომელიც დაავადების განვითარების პროცესის შედარებით შეჩერებას დაეხმარება.
- როგორ ხდება კოსქართროზის დიაგნოსტირება - რა სახის კვლევების ჩატარებაა საჭირო?
ტკივილის გამოვლენის და მოძრაობის შეზღუდვის შემთხვევაში, როდესაც პაციენტი მიმართავს ორთოპედ-ტრავმატოლოგს, მას პირველ რიგში უტარდება ფიზიკალური გამოკვლევა. ამ დროს ფასდება დაზიანება იმ წერტილებზე, სადაც პაციენტი ყველაზე მეტად განიცდის ტკივილს. პირველი შეფასება მოიცავს პაციენტის სახსრის მოძრაობის შესწავლას, უკვე შემდგომი შეფასება არის დიაგნოსტიკური გამოკვლევა, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს, მაგალითად ტარდება რენტგენოლოგიური კვლევა, საჭიროების შემთხვევაში კტ (CT), მრტ (MRI) და სინტიგრაფია.
- რას გულისხმობს მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების პროცესი და რა შემთხვევაში მიმართავენ მას?
კოქსართროზის იმ სტადიების დროს, როდესაც შეუძლებელია ტკივილის შემცირება ან მაშინ როდესაც კონსერვატიული თერაპია ვერ იძლევა დადებით შედეგს, გამოიყენება ოპერაციული მეთოდი - მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება. ენდოპროთეზირების დროს მტკივნეული სახსარი ჩანაცვლდება ენდოპროთეზის კომპონენტებით, იცვლება მენჯ-ბარძაყის სახსრის როგორც პროქსიმალური, ასევე დისტალური ნაწილები, ხდება ენდოპროთეზის ფეხისა და ფოსოს კომპონენტის იმპლანტაცია. ვიყენებთ ზოგადად ოპერაციული ტაქტიკის, იმპლანტების ძვლებში განთავსების ორ ძირითად სახეს, ცემენტიან და უცემენტო მეთოდს.
- „ნიუ ჰოსპიტალსში“ კოქსართროზის მკურნალობისა და დიაგნოსტირების რა მეთოდები არსებობს?
კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ არსებობს დიაგნოსტიკის და მკურნალობის აბსოლუტურად ყველა სახის თანამედროვე მეთოდი, რომელსაც მსოფლიოში იყენებენ. მთავარია პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს, რათა სწრაფად მოხდეს დიაგნოზის დასმა და პაციენტის დახმარება.