წინა წლების მსგავსად მიმდინარე წელსაც ზაფხულის სეზონმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ივნისში ელექტროენერგიის გენერაცია წლიურად 16.3%-ით შემცირდა. საქართველოს ელექტროსისტემას შემცირებული მოთხოვნის ფონზე, გენერაციის შეზღუდვა მოუწია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გენერაციის შეზღუდვა გულისხმობს ე.წ წყლის დაღვრას, რაც რეალურად გაფანტული რესურსია. არის მოსაზრებები, რომ წელს, საქართველოს ენერგოსისტემაში არსებულმა გენერაციის შეზღუდვებმა და წყლის დაღვრამ სექტორს, პირველადი გათვლებით, 100 მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა.
როგორც გასულ წლებში, ისე მიმდინარე წელსაც მაისი ივნისის პერიოდი საქართველოსთვის წყალუხვობით გამოირჩევა, ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ მოცემულ პერიოდში მთაში დნება თოვლი, რომელიც შემდგომ მოედინება. მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურები აგენერირებენ ელექტროენერგიას და არიან გამომუშავების პიკში. შესაბამისად, იმ კონკრეტულ სიტუაციაში ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება ამდენი ელექტროენერგია და ბუნებრივია, არის საუბარი იმაზე ხოლმე, რომ მოხდეს ე.წ წყლის დაღვრები.
მეორეს მხრივ, მიმდინარე წლის ივნისში არც ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელებულა, რადგან თურქეთში ენერგიის ჭარბი გენერაცია იყო, რის გამოც მათ საქართველოდან იმპორტი შეზღუდეს.
როგორც უკვე აღინიშნა, გენერაციის შეზღუდვა და წყლის ე.წ დაღვრა საქართველოსთვის არახალია. გასული წლებისა და მიმდინარე წლის გამოცდილებაც კარგად აჩვენებს იმ ფუნდამენტური პრობლემების არსებობას, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია ქვეყნის გრძელვადიანი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის. ერთ-ერთ მთავარი პრობლემა, რაც იკვეთება არის ის, რომ ქვეყანას არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის მსხვილი ჰესები. დღესდღეობით არსებულ ჰესებს რეზერვუარები არ გააჩნიათ. ჩვენ რომ კაშხლოვანი ჰესები გვქონოდა შევძლებდით, წყალი არათუ დაგვეღვარა, არამედ დაგვერეზერვებინა და მაშინ როცა ენერგიის დეფიციტი გვექნებოდა, სწორედ ეს რესურსი გამოგვეყენებინა. სამწუხაროდ ეს ჩვენთან ვერ ხდება, რადგან არ გვაქვს მსხვილი ჰესები, რომლებიც მოცემულ პროცესს უზრუნველყოფენ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაზე, აუცილებელია, რომ ვიფიქროთ კაშხლოვანი ჰესების განვითარებაზე, რომლის პერსპექტივაც სულ 3-4 ია საქართველოში, მათ შორის, საუბარია, ხუდონის, ნამოხვანისა და ნესკრა ჰესების აშენებაზე. ამ ჰესების მშენებლობა მოგვცემდა შესაძლებლობას დაგვეგროვებინა ჭარბი ენერგია, რომელსაც შემდგომ გამოვიყენებდით დეფიციტურ თვეებში დასაბალანსებლად, როცა ენერგიის გენერაცია დაბალი გვაქვს. სამწუხაროდ, არსებულ რეალობაში ქვეყანა უბრალოდ ფლანგავს იმ ღირებულ რესურსს, რომელიც მისი სტაბილურობისთვის აუცილებელია.
კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც პოლიტიკის დონეზეა სამუშაო, ეს არის ე.წ დამაგროვებელი ბატარეების განვითარება, რაც ნიშნავს ისეთი სისტემების შექმნასა და ფართოდ დანერგვას, რომლებიც ელექტროენერგიას ინახავენ და საჭირო დროს აბრუნებენ ქსელში ან მომხმარებელთან.
ეს მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მზისა და ქარის ელექტროსადგურები მუდმივად ერთნაირი სიმძლავრით არ გამოიმუშავებენ ენერგიას, ხოლო ასეთ დროს ბატარეები აგროვებენ ჭარბ ელექტროენერგიას, როდესაც გამომუშავება მაღალია. აბრუნებენ ენერგიას ქსელში, როდესაც მოთხოვნა იზრდება ან გამომუშავება მცირდება. მოკლედ რომ ვთქვათ, დამაგროვებელი ბატარეები თანამედროვე ენერგეტიკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რადგან ისინი განახლებადი ენერგიის არასტაბილურ გამომუშავებას დაბალანსებულ და საიმედო ელექტრომომარაგებად გარდაქმნიან.