თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას მაისის შუა რიცხვებიდან გეგმავს. ამის შესახებ bm.ge-სთან თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩაიშალა 12.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე, რომლებიც თბილისის მერიამ 20 თებერვალს გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ამ ტენდერებში წინადადებები არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა.
თბილისის ვიცე-მერი განმარტავს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და თბილისის მთავარი გამზირის რეაბილიტაციის შესყიდვაზე ტენდერები უახლოეს დღეებში კორექტირებული თანხით გამოცხადდება. მისი თქმით, სამუშაოები მაისის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწყოს.
“ეს ბუნებრივი პროცესია, ხშირ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული პროექტი ჩავარდეს, თუმცა უახლოეს დღეებში ახალი ტენდერები დაიდება. ჩვენი გეგმაა, რომ მაისის შუა რიცხვებში სამუშაოები დაიწყოს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი და სექტემბერ-ოქტომბრისთვის, როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ეს სამუშაოები უკვე დასრულებული იყოს. ამიტომ, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალი ტენდერი და ის აუცილებლად ჩატარდება”, -ამბობს თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.
ცნობისთვის, თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას 2025 წელს გეგმავდა, რისთვისაც ოთხი კონტრაქტი გაფორმდა 28 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა გასული წლის მარტში მერიამ ამ სამუშაოების გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მიუთითა, რომ პროექტირება გაგრძელდებოდა და 2026 წლიდან ტენდერები თავიდან გამოცხადდებოდა.