ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მსოფლიოში პირველი ჰალსტუხების მუზეუმი, Cravaticum, გაიხსნა - აქსესუარის, რომელიც ისტორიკოსების აზრით, ამ ქვეყანაში წარმოიშვა და დროთა განმავლობაში მსოფლიო მოდის ნაწილად იქცა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. 

გამოფენა არა მხოლოდ სტილზე ჰყვება, არამედ ჰალსტუხის კულტურულ როლსაც, რომელიც ხორვატიაში მნიშვნელოვან ეროვნულ სიმბოლოდ რჩება.

ამ გარდერობის ნივთის ისტორია მე-17 საუკუნით თარიღდება და ხორვატ ჯარისკაცებს უკავშირდება. ერთი ვერსიის თანახმად, როდესაც ომში მიდიოდნენ, ისინი შარფებს ცოლებისგან ან საცოლეებისგან იღებდნენ. ეს შარფები სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად გამოიყენებოდა და პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდა - მაგალითად, მათი გამოყენება ჭრილობის შესახვევად შეიძლებოდა.

ოცდაათწლიანი ომის დროს, საფრანგეთის მეფის სამსახურში მყოფმა ხორვატიულმა მსუბუქმა კავალერიამ ეს ტრადიცია პარიზში შეიტანა.