2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სრულდება თბილისი - ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენა, რის შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო, 6 საათი განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე.
„ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენასთან ერთად მიმდინარეობს არსებული მოძრავი შემადგენლობის რეაბილიტაცია. ასევე ვასრულებთ თბილისი - ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო, 6 საათი განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე. ასევე, დაგეგმილია თბილისი - ქუთაისის ახალი სამგზავრო რეისის დანიშვნა და დაგეგმილია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მგრძნობიარე პროექტის, ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის აღდგენა. თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო განხორციელებული ცვლილებების შედეგად უკვე საათ-ნახევრით შემცირდა, 5,5 საათიდან 4 საათამდე, რითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი სტუმრები, ხოლო სატვირთო მატარებლების მიერ საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთის დრო განახევრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის. 2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს