სუბურბანიზაცია თბილისში - დედაქალაქის ცენტრიდან მის შემოგარენში საცხოვრებლად, სულ უფრო მეტი ადამიანი გადადის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ უძრავი ქონების ექსპერტმა ლევან ლაბარტყავამ  განუცხადა, დედაქალაქის შემოგარენსა და გარეუბნებში საცხოვრებელ მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

მისივე შეფასებით, ბოლო 10-15 წლიან მონაკვეთში, დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე სურათი მკვეთრად შეცვლილია და თუ მანამდე ყველა ცდილობდა, საცხოვრებელი ქონება, ან მიწის ნაკვეთი თბილისის ცენტრში შეეძინა, ახლა სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ეკოლოგიურად სუფთა უბნებს ქალაქგარეთ.

„განსაკუთრებით აქტუალურია წყნეთი, ოქროყანა, წავკისი, კაკლები, ასევე საგურამო... გაზრდილმა მოთხოვნამ აღნიშნულ დასახლებებში ფასების მკვეთრი მატებაც განაპირობა. მაგალითისთვის, საგურამოში კვადრატულ მეტრზე ფასები ბოლო 10 წელში 7-ჯერ, 8-ჯერ გაიზარდა. მოთხოვნა და შესაბამისად, საცხოვრებელი მიწის ნაკვეთების ფასები გაზრდილია აქამდე ნაკლებად ცნობილ და პოპულარულ დასახლებებში, სადაც ამჟამად განაშენიანება მიმდინარეობს“, - განმარტა ლევან ლაბარტყავამ.

როგორც ცნობილია, სუბურბანიზაცია, ანუ მსხვილი ქალაქებიდან მოსახლეობის გარეუბნებში „ემიგრაცია“, მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში კარგა ხანია შეინიშნება და მათ უკვე არც თბილისი ჩამორჩება. ეს საკითხი საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის დროს გახდა. ქალაქის ხმაური, დაბინძურებული ჰაერი და ურბანული სივიწროვე - იმ ფაქტორების არასრული ჩამონათვალია, რაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ცენტრიდან გარეუბანში გადასვლისკენ უბიძგებს.

ქალაქგარეთ ცხოვრების მსურველთა რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე კი, თბილისის შემოგარენში სულ უფრო მეტი ახალი პროექტი ხორციელდება, რომლებიც ორიენტირებულია ეკოლოგიურ და ნაკლებად დაბინძურებულ გარემოში საცხოვრებელი და სააგარაკე უბნების შექმნაზე.

რაც შეეხება ზოგად სურათს დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე, Colliers Georgia-ს  ბოლო, ანუ მაისის თვის მონაცემებით, 2025 წლის მაისში თბილისში ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,437 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 7%-ით გაიზარდა. თუმცა, მიმდინარე წლის პირველი 5 თვის ჯამური მონაცემები, 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 3%-ით ჩამორჩება. უნდა ითქვას, რომ მაისში ტრანზაქციებში მატება უმეტესად ახალი პროექტების ხარჯზე მოხდა, სადაც გაყიდვები 12%-ით გაიზარდა, ძველ პროექტებში კი ისევ კლების ტენდენცია ნარჩუნდება.

ტრანზაქციებისგან განსხვავებით, მუდმივად მზარდია საცხოვრებელი ფართების გასაყიდი ფასები. ასევე  Colliers Georgia-ს ინფორმაციით, თბილისში გაძვირებულია როგორც ძველი, ისე ახალი ბინები. მაგალითისთვის, მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი, 2024 წლის მაისთან შედარებით, 13.5%-ით გაიზარდა გარეუბანში, ხოლო ქალაქის ცენტრში -  6%-ით.

ბაზრის ექსპერტები ელიან, რომ დედაქალაქში უძრავი ქონების გაძვირების პროცესი შემდეგ წლებშიც გაგრძელდება, ვინაიდან, მათივე შეფასებით, თბილისი უკვე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია და აქ სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება საცხოვრებელი კომპლექსების ასაშენებლად.

წყარო: ბიზნესპარტნიორი