თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მსხვილი კაპიტალური პროექტების განსახორციელებლად 447.9 მლნ ლარია გათვალისწინებული. ეს თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ 349.4 მლნ ლარს 28.2%-ით აღემატება.
კაპიტალური პროექტების დანართში ასახული მრავალწლიანი პროექტების ჯამური ღირებულება 2.24 მლრდ ლარია. ძირითადი ინვესტიციები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე მოდის. ასევე, დაგეგმილია ისტორიული შენობების რეაბილიტაცია, ახალი რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობა და ნარჩენების მართვის სისტემის განვითარება.
მეტრო, ტრამვაი და ახალი სატრანსპორტო პროექტები
ყველაზე მაღალი ღირებულების პროექტი თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებაა. მისი განხორციელებისთვის ჯამში 609 მლნ ლარია საჭირო. პროექტი 111 ახალი ვაგონის შეძენას ითვალისწინებს, რაც 25 მატარებლის დაკომპლექტების შესაძლებლობას შექმნის. 2027 წელს ამ მიმართულებით 118 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.
მეტროს ინფრასტრუქტურის განახლების პარალელურად, სადგურების მოდერნიზაციისთვის მომდევნო წლის ბიუჯეტში 7 მლნ ლარია გათვალისწინებული. პროექტის სრული ღირებულება 199.4 მლნ ლარს შეადგენს.
მსხვილ სატრანსპორტო ინიციატივებს შორისაა დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობაც. პროექტის ღირებულება 287.7 მლნ ლარია. 2027 წელს მისი დაფინანსება 39 მლნ ლარამდე გაიზრდება, 2028 წელს კი სამუშაოებისთვის 132.8 მლნ ლარის ათვისებაა დაგეგმილი. 2029 წლისთვის დამატებით 85.9 მლნ ლარია გათვალისწინებული.
ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის 2027 წლის ბიუჯეტში 37 მლნ ლარია გამოყოფილი. ამ პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 168 მლნ ლარია.
მომდევნო წელს ასევე გაგრძელდება სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს მშენებლობა, რომლის საერთო ღირებულება 48 მლნ ლარია. 2027 წლის დაფინანსება 10 მლნ ლარს შეადგენს.
კიდევ ერთი პროექტი სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება-მშენებლობაა. მისი ღირებულება 50 მლნ ლარია, მომდევნო წელს კი სამუშაოებისთვის 20 მლნ ლარი დაიხარჯება. ორივე პროექტის დასრულება 2028 წელს იგეგმება.
ისტორიული უბნების და პარკების განახლება
2027 წლის კაპიტალური დანახარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციასაც მოხმარდება. კერძოდ, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე შენობების განახლებისთვის 81.8 მლნ ლარია გათვალისწინებული. ეს თანხა 2026 წლის გეგმას დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება. პროექტის სრული ღირებულება 114.1 მლნ ლარია.
რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაციისთვის 18 მლნ ლარი გამოიყოფა. პროექტის ჯამური ღირებულება 31.9 მლნ ლარს შეადგენს.
დიღმის ჭალების პარკის მოწყობის სამუშაოებისთვის კი 2027 წელს 10 მლნ ლარია გათვალისწინებული, პროექტის სრული ბიუჯეტი 16 მლნ ლარია.
სამი სპორტული კომპლექსის მშენებლობა
მომდევნო წელს გაგრძელდება სამი მსხვილი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტიც, რომელთა საერთო ღირებულება 85.5 მლნ ლარს აღწევს.
გლდანში „ამერის“ სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის, რომლის სრული ღირებულება 19.3 მლნ ლარია, 2027 წელს 9.2 მლნ ლარი დაიხარჯება.
ბაგებში დახურული ფეხბურთის მოედნის, ღია საცურაო აუზებისა და პადელის მოედნების მშენებლობის პროექტის ღირებულება 21.2 მლნ ლარია. მომდევნო წლის დაფინანსება 4.6 მლნ ლარს შეადგენს.
დიღმის მასივში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა კი 45 მლნ ლარად არის შეფასებული. 2027 წლისთვის ამ პროექტზე 3 მლნ ლარია გათვალისწინებული.
ნარჩენების მართვის პროექტები
კაპიტალური ინვესტიციების კიდევ ერთი მიმართულება ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურაა. თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტისთვის 2027 წელს 20.8 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება. მისი საერთო ღირებულება 91.3 მლნ ლარია.
ამასთან, ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოსაწყობად მომდევნო წელს 17.2 მლნ ლარია გათვალისწინებული, პროექტის სრული ღირებულება კი 70.6 მლნ ლარს შეადგენს.
შესაბამისად, ნარჩენების მართვის ამ ორი პროექტის დასაფინანსებლად 2027 წლის ბიუჯეტში ჯამურად 38 მლნ ლარია გათვალისწინებული.
კაპიტალური პროექტების დანართის თანახმად, მომდევნო წლისთვის დაგეგმილი 447.9 მლნ ლარიდან 263.4 მლნ ლარი საბიუჯეტო სახსრებსა და ტრანსფერებზე მოდის, ხოლო 184.5 მლნ ლარის დაფინანსება კრედიტებისა და გრანტების მეშვეობით არის გათვალისწინებული.
თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი საკრებულოში 6 ნოემბერს წარადგინეს. შესაბამისად, საბოლოო დამტკიცებამდე პროექტების დაფინანსების მოცულობები შესაძლოა შეიცვალოს.