თბილისის სატრანსპორტო სისტემის განტვირთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზად საგარეუბნო სამგზავრო რკინიგზის განვითარება სახელდება. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) შეფასებით, დედაქალაქის მზარდი გადატვირთულობის პირობებში სწრაფი საგარეუბნო მატარებლების ამოქმედების გარეშე სატრანსპორტო მდგომარეობა მომდევნო ხუთ წელიწადში კიდევ უფრო დამძიმდება.

ორგანიზაცია თბილისის ტრანსპორტის განვითარების გენერალურ გეგმას აანალიზებს და მიუთითებს, რომ მასში გათვალისწინებული სამგზავრო რკინიგზის პროექტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. მიუხედავად იმისა, რომ გეგმა თბილისისა და მიმდებარე ქალაქების სარკინიგზო კავშირების განვითარებას ითვალისწინებს, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები და საქართველოს რკინიგზასთან საჭირო სტრატეგიული კომუნიკაცია ამ დრომდე დასრულებული არ არის.

TCRC-ის შეფასებით, საგარეუბნო მატარებლების განვითარება მხოლოდ თბილისის საცობების შემცირებას არ ემსახურება – ის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას დედაქალაქში დასაქმებისა და სხვადასხვა სერვისით სარგებლობის შესაძლებლობასაც გაუმარტივებს, რაც თბილისში მუდმივად გადასახლების საჭიროებას შეამცირებს.

„კომერსანტი“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის [TCRC] ანალიზს უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის განტვირთვა ქალაქის საზღვრებს მიღმა იწყება, ქალაქს ნამდვილად გააჩნია საგარეუბნო სარკინიგზო პოტენციალის განვითარების შესაძლებლობა.

ქვეყანაში შრომის ბაზრის არათანაბარი განაწილების პირობებში სახელმწიფოს ახლო მომავალში დედაქალაქში სივრცითი დაგეგმვისა და ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება მოუწევს.

თბილისის აგლომერაციის ფარგლებში გამჭოლი საგარეუბნო ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლის განვითარების გარეშე დედაქალაქში გადატვირთულობა და სატრანსპორტო კოლაფსი უახლოეს ხუთ წელიწადში კიდევ უფრო დამძიმდება და შეუქცევად ტენდენციას მიიღებს, ხოლო მისი განმუხტვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

მარტივი შედარებისთვის, დღეს თბილისის გადატვირთული მოძრაობის ფონზე, თუნდაც დედაქალაქის ცენტრიდან – ვაჟა ფშაველას გამზირიდან სამგორში წასვლა და უკან დაბრუნება თითქმის იმავე დროს იკავებს, რამდენსაც თბილისიდან კასპში გამგზავრებას ესაჭიროება.

საგარეუბნო სამგზავრო რკინიგზის განუვითარებლობა და ქვეყანაში საგარეუბნო სარკინიგზო მიმოსვლის არარსებობა, რეგიონში მცხოვრებ ადამიანს თბილისში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლისა და დამკვიდრების გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს, რაც საბოლოოდ იწვევს დედაქალაქის დამატებით გადატვირთულობას და სატრანსპორტო კოლაფსის გაღრმავებას.

როდესაც თბილისის აგლომერაციის ფარგლებში გამჭოლი საგარეუბნო ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლის განვითარებაზეა საუბარი, აქ ძირითადად გორი – თბილისი – მარნეულის არეალი მოიაზრება.

ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანას ამ არეალში მცხოვრები მოსახლეობისათვის მოდერნიზებული სარკინიგზო მატარებლების გამოყენების შესაძლებლობა და მისი დაუბრკოლებლად თბილისში ჩამოსვლა, დასაქმება ან მისთვის საჭირო სათანადო სერვისის მიღება და იმავე დღეს უკან დაბრუნება წარმოადგენს.

სადღეისოდ თბილისის სიახლოვეს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ძირითადი შემზღუდავი ფაქტორი ქვეყანაში სწრაფი საგარეუბნო მიმოსვლის არარსებობაა. ამიტომ სახელმწიფოსთვის, თბილისში გადატვირთულობის შესამცირებლად, სწორედ სწრაფი საგარეუბნო რკინიგზის განვითარება უნდა გახდეს პრიორიტეტული.

  • გააჩნია თუ არა თბილისის მერიას ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით თბილისისათვის ამ მნიშვნელოვანი კომპონენტის შემუშავებისა და განხორციელების პასუხისმგებლობა?

იმისათვის, რომ ამ შეკითხვას გაეცეს პასუხი, აუცილებელია, ერთობლიობაში წარმოვიდგინოთ, თუ რას წარმოადგენს თბილისის ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმა და გავაანალიზოთ, რამდენად გეგმაზომიერად ახორციელებს თბილისის მერია ამ დოკუმენტით განსაზღვრულ პრიორიტეტებს.

აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წელს ტენდერში გამარჯვებულ დანიურ კომპანია „რამბოლს“ერთი წლის ვადაში განესაზღვრა თბილისისთვის 20-წლიანი სატრანსპორტო სტრატეგიის – „ტრანსპორტის მასტერ-პლანის“ მომზადება.

თბილისის მერიამ დიდი ხნის დაგვიანებით, მხოლოდ 2023 წელს მიიღო „რამბოლის“ მიერ დასრულებული თბილისის სატრანსპორტო გეგმის დოკუმენტი.

უფრო დეტალურად, თუ რას წარმოადგენს თბილისის სატრანსპორტო გეგმის დოკუმენტი?

თბილისის სატრანსპორტო გეგმის დოკუმენტი სატრანსპორტო პოლიტიკის 20-წლიანი სამოქმედო გეგმის ხედვას წარმოადგენს. როგორც დოკუმენტის პრეამბულაშია ხაზგასმული, მის დადებით მხარედ წარმოჩენილია კონკრეტული პროექტებისა და პროგრამების ჩამონათვალის დეტალიზაცია, რომელთა განხორციელებას გეგმავს ქალაქი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

მოკლევადიანი ხუთწლიანი გეგმის უდავო უპირატესობა თითოეული კონკრეტული პროექტის დეტალიზაციაა (თუ როგორ სრულდება, ეს საკითხის მეორე მხარეა). კერძოდ, როგორც გეგმაშია აღნიშნული, თითოეული პროექტის მიხედვით წარმოდგენილია დაწყებისა და დასრულების ვადები, კაპიტალური დანახარჯები, სოციალურ და გარემოზე ზემოქმედების შეფასება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოყოფილია ამა თუ იმ კონკრეტული პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო.

თბილისის სატრანსპორტო გეგმაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პროექტების უმეტესობის დაწყების თარიღად განსაზღვრულია 2023 – 2024 წლები. დოკუმენტში წარმოდგენილი პროექტები, სულ მცირე, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაიწყება, რაც არამც და არამც არ ნიშნავს, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში დასრულდება.

თითოეული პროექტისადმი ასეთი მიდგომა, როდესაც არ არსებობს დასრულების ვადებთან მეტი კონკრეტიკა, გარკვეულ ინტერპრეტაციას იძლევა ამა თუ იმ პროექტის განხორციელების ვადებთან დაკავშირებით. ასეთი მიდგომით ნებისმიერი პროექტი შესაძლოა მიმდინარე პროექტად ჩაითვალოს და დასრულებასთან დაკავშირებით არ გამოიკვეთოს კონკრეტული ორგანოს პასუხისმგებლობა.

თბილისის სატრანსპორტო გეგმის მიზანია წარმოაჩინოს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თბილისში სატრანსპორტო მიმართულებით მთავარი გეგმარებითი ობიექტები.

თბილისის სატრანსპორტო გეგმის მიხედვით, გამოსაყოფია ხუთი ფინანსურად ტევადი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც ქვეყნისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ მათი განხორციელება სადღეისოდ ჩანასახოვან მდგომარეობაშია. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ არც დაწყებულა. ეს პროექტებია:

  • დიდი დიღმის ქალაქის ცენტრთან სარკინიგზო კავშირი;
  • სამგზავრო რკინიგზა;
  • მეტროს მოდერნიზება;
  • საბაგიროები;
  • ტრანზიტზე ორიენტირებული განაშენიანება.

გვინდა, ცალკე გამოვყოთ ჩამოთვლილი ხუთი ღონისძიებიდან ერთ-ერთი – სამგზავრო რკინიგზა და გავაანალიზოთ მისი განხორციელების მიმდინარეობა.

თბილისის სატრანსპორტო გეგმის დოკუმენტის მიხედვით, სამგზავრო სარკინიგზო სისტემა პირველ ეტაპზე მომსახურებას განახორციელებს თბილისის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის, თბილისსა და რუსთავს, ასევე თბილისსა და მცხეთას შორის მგზავრების გადაადგილებას.

რკინიგზის სადგური სადგურის მოედანზე მთავარი გადასაჯდომი კვანძი იქნება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია მცხეთასა და რუსთავს შორის პირდაპირ გადაადგილება და მომსახურების მცხეთის დასავლეთით მდებარე ისეთ ქალაქებში გავრცელება, როგორიცაა კასპი და გორი (იხ. თბილისის სატრანსპორტო გეგმის დოკუმენტიდან ამოღებული სქემა).

თბილისის გენერალურ გეგმაში ხაზგასმულია საქართველოს რკინიგზასთან სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობა: მიუხედავად იმისა, რომ სამგზავრო სარკინიგზო სისტემის მშენებლობა და ექსპლუატაცია საშუალო და გრძელვადიანი პერიოდის ქმედებაა, მოსამზადებელი სამუშაოები უფრო ადრე უნდა დაიწყოს. საჭიროა წინასწარი განხილვები „საქართველოს რკინიგზასთან“ ასეთი სერვისის დანერგვის ყველა პრაქტიკული, ოპერაციული და ფინანსური შედეგების თაობაზე. შესამუშავებელია ინსტიტუციური და კომერციული მოწყობა, იურიდიული და მარეგულირებელი მოდელის ჩათვლით, სადაც დადგინდება, თუ ვინ აფინანსებს და მართავს სისტემას, როგორ განისაზღვრება ლიანდაგზე წვდომის საფასური და როგორ ნაწილდება მიღებული შემოსავალი ყველა მხარეს შორის. ამას შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდეს (ამონარიდი თბილისის გენგეგმის დოკუმენტიდან).

სადღეისოდ საქართველოს რკინიგზასთან ასეთი სტრატეგიული კომუნიკაცია საერთოდ არ დაწყებულა, ამიტომ პროექტი ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფება.

რა ეტაპზეა სამგზავრო რკინიგზის პროექტის განხორციელება? თბილისის სამგზავრო რკინიგზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საერთაშორისო ტენდერი 2026 წლის 1 ივლისს საჯაროდ გამოცხადდა.

2026 წლის 5 აგვისტოს დასრულდა ინტერესთა გამოხატვის ეტაპი. განაცხადების შეფასების შემდეგ, 2 ნოემბერს გამოქვეყნდა ექვსი პრეტენდენტისგან შემდგარი მოკლე სია. შესაბამისად, ტენდერი ჯერ გამარჯვებულის გამოვლენის ეტაპამდე არ მისულა.

კვლევის მთავარი ამოცანაა არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში ახალი მონაკვეთების მშენებლობის დასაბუთება.

გამარჯვებული კომპანია შეისწავლის: თბილისი – მცხეთის სარკინიგზო კავშირს, თბილისი – რუსთავის და ლილო – მარნეულის მიმართულებებს, ფონიჭალის სარკინიგზო დერეფანს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან სარკინიგზო დაკავშირებას. ბიუჯეტი 400 ათას აშშ დოლარს შეადგენს. სამუშაოთა დაწყების თარიღია 2026 წლის დეკემბერი.

კვლევის მთავარი ამოცანაა არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში ახალი მონაკვეთების მშენებლობის დასაბუთება.

ჩვენი ორგანიზაციის შეფასებით, ამ პროექტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი საკითხის გამოყოფა, კერძოდ, კვლევა მხოლოდ თბილისის საგარეუბნო მატარებლების განვითარების კონცეფციით არ უნდა შემოიფარგლოს. საჭიროა შეფასდეს საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ინტეგრირება დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში, მგზავრთა ნაკადების გადანაწილება, გადაჯდომის კვანძები და ოპერირების ეკონომიკური მოდელი.

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ სადღეისოდ სამგზავრო რკინიგზის პროექტის მიმდინარეობა ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფება და აუცილებელია მოსახლეობისთვის ამ პროექტის მეტი ინფორმაციის მიწოდება – პოპულარიზაცია და რაც მნიშვნელოვანია მისი დაჩქარებული ტემპით განხორციელების ეტაპებზე გადაყვანა.