საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50 პადელის კორტის მოწყობას გეგმავს. პროექტისთვის ფონდმა ელექტრონული ტენდერი 7.5 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით გამოაცხადა. შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია კორტების შეძენა, მიწოდება და მონტაჟი, ასევე მათი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ტენდერი 18 ნოემბერს გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ფონდი 50 ქარხნული წარმოების პადელის კორტის შესყიდვას ითვალისწინებს, თუმცა არ იღებს ვალდებულებას, სრული რაოდენობა ერთდროულად შეისყიდოს. კორტების ფაქტობრივი რაოდენობა და კონკრეტული ადგილმდებარეობები ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ფონდის წერილობითი დავალებების საფუძველზე განისაზღვრება. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, რომელ მუნიციპალიტეტებში განთავსდება სპორტული ობიექტები.

ტექნიკური დავალების თანახმად, კორტები პადელის საერთაშორისო ფედერაციის (FIP) მოქმედ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. თითოეული მოედნის ზომა 20X10 მეტრი უნდა იყოს, სათამაშო სივრცის თავისუფალი სიმაღლე კი არანაკლებ 7 მეტრს უნდა შეადგენდეს. კონსტრუქციები უნდა მოიცავდეს ხელოვნური ბალახის საფარს, ნაწრთობი მინის პანელებს, ფოლადის კონსტრუქციასა და LED განათების სისტემას.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კონკრეტული ტერიტორიების კვლევა, საპროექტო და სანებართვო პროცედურები, რკინაბეტონის საძირკვლისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობა. მეორე ეტაპი უშუალოდ კორტების მიწოდებას, აწყობასა და მონტაჟს, ასევე შესაბამის საინჟინრო ქსელებთან მიერთებას ითვალისწინებს.

სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელს ფონდის წერილობითი დავალების მიღებიდან პირველი ეტაპის სამუშაოების შესასრულებლად მაქსიმუმ 4 თვე ექნება, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები კონკრეტულ ლოკაციაზე მონტაჟის დაწყების შესახებ დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირაში უნდა დაასრულოს. ხელშეკრულების საერთო მოქმედების ვადა 24 თვეა.

ამასთან, სატენდერო პირობებით, პადელის კორტები ევროკავშირის ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში უნდა იყოს წარმოებული. პრეტენდენტს ან საქონლის მწარმოებელს კი 2021 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადებების მიღების დასრულებამდე ანალოგიური საქონლის მიწოდების ან წარმოების არანაკლებ 1.16 მილიონი ლარის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 16 დეკემბერს დაიწყება და 21 დეკემბერს, 14:00 საათზე დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით 7.5 მილიონი ლარია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, პროექტის მიზანია თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, პადელის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სპორტულ-რეკრეაციულ სივრცეებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.